საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ბიზნეს ინტერესებით მართავს. მისი განცხადებით, ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკა, შესაძლოა, მის ინტერესებსაც უკავშირდებოდეს. დიპლომატი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ სტაბილურობის მისეულ შენარჩუნებას, ევროინტეგრაციის პროცესი შესწიროს.
"არ არის აუცილებელი, ვიფიქროთ, რომ "ქართული ოცნება" პუტინის ან რუსეთის ინსტრუქციით მოქმედებს. უბრალოდ დღეს ხელისუფლებაში, განსაკუთრებით ერთი ადამიანია, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, ის ასე ფიქრობს. ის [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკას ბიზნეს ინტერესებით მართავს. შესაძლოა, პირად ინტერესებსაც უკავშირდებოდეს ან ცხოვრების წესს, რომელიც მას გააჩნია და გულწრფელად სურდეს, საქართველოს დასავლური ორიენტაცია "სტაბილურობას" შესწიროს" , - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.
როგორც გოჩა ჯავახიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ ევროკავშირში არსებული პრობლემების ფონზე დროს იგებს, თუმცა მისი თქმით, არსებული პოლიტიკით, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
"როგორც ჩანს, იგი ხედავს, რომ დღეს ევროპას თავად უჭირს, ევროპა სუსტ პოზიციაშია და საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი არის მნიშვნელოვანი. აქცენტი ისეთ რეგიონებზე კეთდება, სადაც დემოკრატიული და თავისუფლების კრიტერიუმებით საქართველოს არავინ შეაფასებს. განცდა მრჩება, რომ ისინი ფიქრობენ: "2030 წლამდე, არ ვიცით, ევროკავშირი რა ფორმით იარსებებს". მათი გათვლა, ახლა გადავრჩეთ და მერე შევხედოთ რა იქნება. ის გვავიწყდება, რომ ევროპა ძალას აუცილებლად მოიკრეფს და არ დაუშვებს, რომ ამხელა გაერთიანება რუსეთთან არ დამარცხდეს. გამარჯვებული ევროპა მოიხედავს და ერთგულ მეგობრებს გადათვლის, ვინ იყო მის გვერდით, თუნდაც მხარდაჭერის დონეზე, ვინ იზიარებს მის ღირებულებებს და ჩვენც მოგვეზღვება იმის მიხედვით, რამდენად ვართ მისდამი თანამგრძნობი", - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.