„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელ ირაკლი აბესაძის შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მახინჯ სისტემას ვერანაირი საკადრო გადაადგილებები ვერ გააკეთილშობილებს".
მიმდინარე კვირაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, მათ შორის მამუკა მდინარაძის სუს-იდან ახალ, სამართალდამცავი ორგანოების მაკოორდინირებელ უწყებაში გადაყვანა, „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა შეაფასა როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნისთვის რეალურ პოზიტიურ ცვლილებას არ ატარებს.
მისივე აზრით, მამუკა მდინარაძის საკადრო გადაადგილება არა - ირაკლი კობახიძის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ნება იყო.
ამასთან, ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობები და ადამიანები იმდენად შეუსაბამოა ერთმანეთთან, რომ ამ პროცესებზე სერიოზული მსჯელობა რთულია.
„ბიძინა ივანიშვილმა ყველა პოსტი და მათზე განთავსებული ადამიანები იმდენად კარიკატურულად აქცია, რომ სერიოზული კომენტირება ჭირს. გადაწყვეტილებების მთავარი წყარო ყოველთვის არის ივანიშვილი. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაც პირადი დეტალის არმოწონებას, დავალების ვერშესრულებას ან თუნდაც გავრცელებულ ვერსიებს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე - ამ მახინჯი რეჟიმის პირობებში ყველა ვერსია შეიძლება მართალი იყოს“, - აღნიშნა მან.
რესპონდენტის შეფასებით, მამუკა მდინარაძისთვის წოდებების მინიჭება თუ მისი ახალ პოსტზე გადაყვანა არ ყოფილა დამსახურებაზე დაფუძნებული ნაბიჯი.
„ამით არაფერი იცვლება საზოგადოებისთვის. ჩვენ ვნახეთ ბევრი გადაადგილება, მაგრამ რეჟიმმა ყველა ეს კადრი გარყვნა და ბოლომდე გამოიყენა საკუთარი თავისთვის, უკანონო გამდიდრებისთვის. არანაირი საკადრო გადაადგილება, რომელიც რეჟიმის შიგნით მიიღება, ვერ გააკეთილშობილებს ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მახინჯ სისტემას. გამოსავალი ერთადერთია - ივანიშვილის მმართველობის სრული დემონტაჟი“, - აცხადებს ის.
ირაკლი აბესაძე ხაზს უსვამს, რომ OGP-დან საქართველოს გარიცხვა და ძალოვნების კონტროლისთვის ახალი რგოლების შექმნა ქვეყანას მეტი ჩაკეტილობისა და სიბნელისკენ მიჰყავს. მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლა პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე.
„ანგარიშვალდებულებაზე უარის თქმა ქვეყანას მიიყვანს არა მხოლოდ პოლიტიკურ კრახამდე, არამედ მძიმე ეკონომიკურ კოლაფსამდეც. ეს პერსპექტივა არ არის შორს, თუ ივანიშვილის რეჟიმი ასეთი ტემპებით გააგრძელებს ქვეყნის „გამოხვრას“. ჩვენი ერთადერთი კაპიტალი სწორედ დემოკრატია, ღია მმართველობა და პროგნოზირებადი ინსტიტუტები იყო, რაზედაც ბიძინა ივანიშვილი ახლა მიზანმიმართულად ამბობს უარს“, - თქვა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში ირაკლი აბესაძემ გაიხსენა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გზავნილები, სადაც ისინი მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლისკენ მოუწოდებდნენ.
„მისთვის იდეალური მოდელია ადამიანებისგან დაცლილი ქვეყანა, რომლის რესურსებსაც პირადად საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის გამოიყენებს. ეს არის სქემა, საითაც მივყავართ. ამ უგულობას, რომელიც ბავშვების გადარჩენის საკითხშიც კი გულგრილია, წერტილი უნდა დაესვას. უნდა დასრულდეს ქვეყნის განადგურება და ეს მახინჯი რეჟიმი, რომელმაც ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობაც კი ვერ აჩვენა“, - განაცხადა „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა.




























