მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის მიზანია, ისევე აკონტროლებდეს სებ-ს, როგორც იუსტიციის საბჭოს - ბოკუჩავა

64887b5670a08
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.23 18:27
643
სტატიაში საუბარია:
ფრაქციის გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს არ დაძლიონ ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით "ქართული ოცნება" ეროვნულ ბანკზე ისეთივე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს, როგორი პოლიტიკური კონტროლიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე არის დამყარებული.

ამასთან, თინა ბოკუჩავა საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფრთხილებაზე, რომელიც პარლამენტს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ბოკუჩავა გამოეხმაურა IMF-ის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სავლუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის გადაწყვეტილებით დაიძლიოს პრეზიდენტის ვეტო.

“მხოლოდ ჩვენ კი არ გაგვიჩნდა ამ კანონზე კითხვა, რომ ეს დაანგრევს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც ეს ძალიან ღიად გითხრათ ორი დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნავენ, რომ ისინი უკიდურესად იმედგაცრუებული არიან გეგმით, დაიძლიოს ვეტო, რომ ეს იქნება ეროვნული ბანკის სანდოობის და დამოუკიდებლობის დამაზიანებელი. ქართული ოცნების პარლამენტარები დღეს მოქმედებთ ივანიშვილის სურვილის მიხედვით, რომ ისევე აკონტროლებდეს ეროვნულ ბანკსაც, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სიმართლე არის ის, რომ ამით საქართველოს მიადება ზიანი. სავალუტო ფონდმა 40 მილიონი გამოუყო წელს საქართველოს, წინა წელსაც 40 მილიონი, 2021 წელს კი 113 მილიონი. ამ ფინანსების მიღებას ხომ არ შეექმნება საფრთხე?

ევროკავშირმა რეკომენდაციად ინსტიტუტების გაძლიერება გასცა, ხოლო დღეს ვეტოს დაძლევის მცდელობა არის პირდაპირი დაკნინება ეროვნული ბანკის ინსტიტუციის. პოლიტიკური ზიანის გარდა, რომელსაც მივიღებთ, ჩვენს ქვეყანას ასევე ფინანსური ზიანიც მიადგება. შეიძლება განაცხადოს ბატონმა პრემიერმა, რომ როგორც ის ევროკავშირის 75 მილიონი ევრო არ გვჭირდებოდაო, ეს თანხებიც არ გვჭირდებოდა. სინამდვილეში კი იმიტომ არ მიიღო საქართველომ ის 75 მილიონი ევრო, რომ საქართველომ არ განახორციელა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტი დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტოს დაძლევას და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

კანონში არსებული ეს ჩანაწერი პირდაპირ მიემართება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, რომელიც ამჟამად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსურულებელია. მას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში გაუვა ვადა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს.

4 ვიცე-პრეზიდენტს შორის სებ-ის საბჭო აირჩევს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. IMF პრეზიდენტის ვეტოს მიესალმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები