ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა და პოლიტიკიდან წასვლა ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას უპრეცენდენტო უწოდა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქველმოქმედი. დღევანდელი მისი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, იმიტომ, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის პროცესი იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი.
ის მოვიდა პოლიტიკაში მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები. მან და "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს. ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა მმართველობის ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზეა ორიენტირებული და დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მესამედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის მანდატი ისევ ქართულ ოცნებას მიანიჭა, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან და ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შეექმნა სტაბილური გარანტიები იმის, რომ რევანში შეუძლებელია და საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას. ეს ძალიან დასაფასებელი და იშვიათი პრეცენდენტია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“, - განაცხადა თურნავამ.




























