"როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან გადიოდა, არაფერი იცვლებოდა. {მასთან} ისევ ისე დადიოდნენ პრემიერები, მინისტრები, პროკურორები" - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "tv პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"ყოველ ორ წელიწადში, ხან მოდის პოლიტიკაში და ხან მიდის პოლიტიკიდან. ბოლო 12 წელი ხომ ამას ვუყურებთ?! რეალურად ეს იყო მისი პასუხისმგებლობისგან გასვლის ხრიკი;
როცა პოლიტიკიდან გადიოდა, არაფერი იცვლებოდა. ისევ ისე დადიოდნენ პრემიერები, მინისტრები, პროკურორები. მე კვირაში ორ-სამჯერ მის რეზიდენციაში ვიყავი. იყო პოლიტიკაში თუ არ იყო, არაფერი იცვლებოდა", - აცხადებს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილის თქმით, ასეთი პრაქტიკა არსებობდა და ახლაც არსებობს, რომ ივანიშვილი მართავს პროკურატურასაც და მოსამართლეებსაც.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომრისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.