მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის ქცევა დამოკიდებული იქნება იმაზე, ვისი უფრო შეეშინდება - აშშ-ის თუ რუსეთის - ხმალაძე

ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მოქმედება დამოკიდებული იქნება იმაზე, ვისი უფრო მეტად შეეშინდება - რუსეთის თუ ამერიკის შეერთებული შტატების. ასე უპასუხა ყოფილმა დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარებას შეეხებოდა.

როგორც ცნობილია, ბარიერგადალახული, პროდასავლური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნების ჩატარებაა.

- თუ ოპოზიციამ უარი თქვა მანდატებზე, როგორ წარმოგიდგენიათ, პარლამენტში ოთხი წელი „ქართული ოცნების“ მარტო მუშაობა?

- სრულიად აშკარაა, რომ თვითონაც არ იქნებიან კომფორტულ მდგომარეობაში; ცესკოს შედეგები რომც დავიჯეროთ - მიაქციეთ ყურადღება - არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა, დაახლოებით 60%-მა. როგორც გვეუბნებიან, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 50%-ზე ცოტა მეტი ანუ გამოდის, რომ მათ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 30%-ზე ოდნავ მეტმა. ამ პირობებში მათი მუშაობა, ცხადია, პრობლემური იქნება, მაგრამ მე არ მაწუხებს, რამდენად კომფორტულად იქნებიან ისინი. მე სხვა რამ მაწუხებს - ჩვენ ვიქნებით მძიმე მდგომარეობაში. ასეთ პარლამენტთან, ასეთი პარლამენტის მიერ არჩეულ მთავრობასთან და შემდეგ ამ პარლამენტის მონაწილეობით არჩეულ პრეზიდენტთან ურთიერთობას დემოკრატიული სამყაროდან არავინ მოინდომებს. ასეთი ხელისუფლება როცა გყავს, საქართველოსთვის დახმარების გაწევასაც არ მოინდომებს დემოკრატიული სამყარო და ვის იმედზე ვიყოთ - ბელარუსი დაგვეხმარება, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა?! კიდევ ირანი, ჰეზბოლა.. რა პერსპექტივა ექნება ამ ქვეყანას? რა პერსპექტივა ექნება ახალგაზრდებს? მე ვიცი, ჩემი სანაცნობო წრიდან ახალგაზრდები ელოდებიან, როგორ დამთავრდება ეს პროცესები და ემზადებიან ევროპაში ან აშშ-ში წასასვლელად... ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, რადგან ვინ მიდის ემიგრაციაში?! - ვისაც აქვს უნარი იქ იცხოვროს, იმუშაოს, იყოს კონკურენტული.

- რამე შანსი არსებობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია შემოტრიალდეს ანუ მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი რამეს მიხვდეს და „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხიოს?

- თეორიული შანსი შეიძლება იყოს, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს... ადრე ერთმა ჟურნალისტმა რაღაც საკითხზე მკითხა - „ოცნება“ როგორ მოიქცევაო - ვუპასუხე, „ოცნება“ ისე მოიქცევა, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყვის-მეთქი...

- როგორ მოიქცევა ის?

- ბიძინა ივანიშვილის ქცევა დამოკიდებული იქნება იმაზე, ვისი უფრო შეეშინდება - რუსეთის თუ ამერიკის შეერთებული შტატების...

- რაც ჯერ არ ჩანს... წერტილი რას დავუსვათ საქართველოში?

- მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს და უნდა ვეცადოთ და მივაღწიოთ იმას, რომ სამართლებრივად დადგინდეს, არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური...

- არის ამის შანსი?

- არის, არ ვამბობ, რომ დიდია, მაგრამ არის... უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება.

- თუ „ოცნების“ ნება არ იქნება, ეს შესაძლებელია?

- ამიტომ ვამბობ, შანსი არის, მაგრამ არც თუ ისე დიდი.

- შანსის გაძლიერებას ყველაზე მეტად მოქალაქეების პროტესტი შეუწყობს ხელს? - ამას იმიტომაც გეკითხებით, რომ საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდებაა, არ დავნებდეთ...

- არ ვიცი...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები