მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის წერილობითი პასუხი აშშ-ის საელჩოს, ფაქტობრივად, მეორე აღიარებითი ჩვენებაა - ხმალაძე

ვახტანგ ხმალაძე

2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არაა დარწმუნებული, რომ სახელმწიფო და პირადი ინტერესის დაპირისპირებისას, სახელმწიფო ინტერესის პირველ ადგილზე დაყენებას შეძლებს.

ასე აფასებს ყოფილი დეპუტატი აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარს.
„ივანიშვილის წერილობითი პასუხი აშშ-ის საელჩოს, ფაქტობრივად, მეორე აღიარებითი ჩვენებაა“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

ივანიშვილმა ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა - აშშ-ის საელჩო

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს პასუხობს

შეგახსენებთ, 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამერიკელ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს არ ხვდება, რადგან მისი აზრით, გაერთიანებას, რომელსაც "გლობალური ომის პარტიას" უწოდებს, აშშ-ის ხელისუფლებაზე და მათ შორის პოლიტიკოსებზე დიდი გავლენა გააჩნია.

„ეს აღიარებაა იმისა, რომ სახელმწიფო და პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია ან დარწმუნებული არაა, რომ შეძლებს სახელმწიფო ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას. ეს სახიფათო არ იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილი რომ რიგითი მოქალაქე იყოს. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ამჟამად პარტიის საპატიო თავმჯდომარეა - ესაა მისი ფორმალური მდგომარეობა, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად ივანიშვილის მიერ იმართება ანუ საქმე გვაქვს არაფორმალურ მმართველობასთან; და როდესაც არაფორმალურ მმართველს ასეთი პრობლემები აქვს, ხომ ცხადია, რომ ეს უაღრესად დიდ ხიფათს უქმნის სახელმწიფოს“, - განაცხადა ყოფილა დეპუტატმა.

ამასთან, ვახტანგ ხმალაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ აშშ-ის ელჩის მხრიდან შეხვედრის შეთავაზება ბიძინა ივანიშვილთან და არა - „ქართული ოცნების“ პრემიერთან ან პარლამენტის თავმჯდომარესთან, იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკული მხარისთვის მთავარი ბიძინა ივანიშვილის ფიგურაა.

„ამ შეხვედრის მიზანი ალბათ ის გახლდათ, რომ კარგად ახსნილიყო მარკო რუბიოს განცხადების შინაარსი და ის ქვეტექსტები, რაც ყოველთვის დევს ამა თუ იმ განცხადებაში. შესაძლებელია იყო, რაღაც შეთავაზებებიც... არ ვიცი - სპეკულაციაში შესვლა არ მინდა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები