თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დღეს მარშზე - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმყოფებოდა. როგორც მან "ფორმულასთან" განაცხადა, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა კითხვები გააჩინა ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ამიტომ იგი ევროპულ გზას ირჩევს.
„მე ვდგავარ აქ, ქართველ ხალხთან, რადგან მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ გზას. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული გზა არ დამდგარა ეჭვქვეშ და დღეს ივანიშვილმა მოახერხა და ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა საზოგადოებაში, თუ საით მიჰყავს ეს ქვეყანა, სწორედ ამიტომ, მე ვდგავარ აქ, როგორც ის 10 ათასობით ადამიანი, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ევროპაში“ — განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მარშის მონაწილეები სხვადასხვა ადგილიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები ჰქონდათ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი გზავნილი ხელისუფლებისადმი არის ის რომ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ამ კურსის შეცვლას არ დაუშვებენ.
მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს