მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან 50 კვ.მ-ზე მეტი შენობები მხოლოდ ენერგოეგფექტური სტანდარტებით უნდა აშენდეს

646f6eeb67314
ელენე გოგბერაშვილი
25.05.23 18:48
14906
სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 ივლისიდან, ძალაში შედის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.

როგორც საკონსულტაციო კომპანია "ინტეკის" უფროსი მრჩეველი, რომელიც კონსულტაციებს უწევს რეფორმის პროცესში ეკონომიკის სამინისტროს, bm.ge-სთან განმარტავს, უკვე არსებობს SOFT, სადაც ყველა კომპანიას შეუძლია მასალები, რომელსაც მშენებლობაში გამოიყენებს, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით. თუ აკმაყოფილებს, მიიღებს შესაბამისობის დეკლარაციას, რაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი იქნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოს.

"1 ივლისიდან შენობებისთვის ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შედის ძალაში ყველა შენობებისთვის, რომელიც პროექტირების ფაზაშია და ჯერ არ აქვს მიღებული სამშენებლო ნებართვა, ანუ ყველა ახალი შენობისთვის შედის ძალაში, რომელიც აღემატება 50 კვადრატულ მეტრს.

სამშენებლო ნებართვის გაცემისთვის დეველოპერებმა უნდა წარადგინონ შესაბამისობის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტები გასცემენ სამშენებლო ნებართვას, ხოლო მშენებლობის განხორციელების ეტაპზე უკვე ზედამხედველობის სამსახურები ერთვებიან, ან აკრედიტირებული კომპანიები, რომლებიც ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებენ. მათ ვალდებულებაშია შეამოწმონ მშენებარე შენობა არის თუ არა თანხვედრაში იმ დოკუმენტაციასთან, რომელიც წარდგენილია სამშენებლო ნებართვის გაცემისას“,-აცხადებს ვახტანგ ბეგაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედება არსებულ შენობებზეც ვრცელდება, თუ ის რეკონსტრუქციას საჭიროებს.  

ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების შემოღების შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო კლასები მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს და წლის ბოლომდე მზად იქნება შენობების ენერგომახასიათებლობის სერტიფიცირების წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგო სერთიფიკატი, თუ რომელ ენერგო კლასს მიეკუთვნება ის.

ვახტანგ ბეგაშვილის განმარტებით, მინიმალური ენერგოეფეტურობის სტანდარტების მქონე შენობა, მომავალში D კლასს მიეკუთვნება, თუმცა შესაძლებელია უკეთესი სტანდარტის შენობის აშენება, რომელსაც A, ან B კლასი მიენიჭება. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ენერგო კლასისი სერთიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები