რაჭაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ციბენა“ ივლისის მეორე ნახევრიდან - აგვისტოს ჩათვლით სრული დატვირთვით იმუშავებს - ამის შესახებ ობიექტის თანამესაკუთრემ თინათინ ჭელიძემ BM.GE-ს განუცხადა.
საოჯახო სასტუმრო დღეს ოთხ კოტეჯს, 14-ოთახიან სამსართულიან სასტუმროს, 17-მეტრიან აუზსა და სამზარეულოს აერთიანებს და მათთან განთავსების მსურველებს, ნომრებთან ერთად კვებას და აუზით სარგებლობას სთავაზობს.

„ჩვენს სასტუმროს უფრო მეტად ადგილობრივები სტუმრობენ - თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და ა.შ. ორადგილიანი სასტუმროს ღირებულება 280 ლარიდან იწყება, 4-ადგილიანის კი 380 ლარია.
სასტუმროს არასდროს ვკეტავთ, მაგრამ ზოგადად არასეზონზე დაბალი დატვირთვით ვმუშაობთ, სეზონზე კი მაღალით“, - აღნიშნა თინათინ ჭელიძემ.
„ციბენას“ თანამესაკუთრე ამბობს, რომ წელს მათ სტუმრებს უფრო გაფართოებულ სამზარეულოს დაახვედრებენ, სადაც ერთდროულად 40-მდე ადამიანის გამასპინძლებას შეძლებენ. მისივე ინფორმაციით, სამზარეულოს გაფართოების შემდეგ ისინი შეძლებენ მომხმარებელს საუზმის გარდა, შეკვეთით სადილი და ვახშამიც შესთავაზონ.





























