ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 464 მლნ ლარით გაიზარდა და 47.79 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 93.57 მლნ ლარით (0.36%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 370.18 მლნ ლარით (1.73%-ით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.74%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.48 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი.
2023 წლის ივლისის განმავლობაში თითქმის 1%-ით, ანუ 227.94 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 25.39 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის ცნობითვე, ივლისში მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.34 პროცენტული პუნქტით.