მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვების მქონე სახელმწიფოს - ვენესუელას ნავთობის ექსპორტი ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით 10%-ით შემცირდა.
მიზეზად აშშ-ის მთავრობის მიერ ექსპორტზე ავტორიზაციის გაცემის დაგვიანება სახელდება, რომლის მეშვეობითაც ამერიკულ ნავთობკომპანიებს ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან, PDVSA-თან თანამშრომლობის უფლება მიეცემოდა, რაც პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელა და მისი ამჟამინდელი ხელისუფლება აშშ-ის მიერაა სანქცირებული.
ოფიციალური ვაშინგტონისგან აღნიშნული ავტორიზაცია, ჯერჯერობით, მხოლოდ Chevron-ს აქვს მიღებული, რომელიც მას ნავთობის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით მოპოვების უფლებას აძლევს.
გასულ თვეში ვენესუელას ექსპორტზე დღეში საშუალოდ 727,000 ბარელი ნავთობი გაჰქონდა, მაშინ როდესაც ივნისში აღნიშნული ციფრი 807,000 აღწევდა. გარდა ამისა, ივლისის თვეში ვენესუელამ 227,000 ტონა სხვა ნავთობპროდუქტები და ნავთობქიმიკატები გაიტანა ექსპორტზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ექსპორტის 95% ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოდის, ხოლო ვენესუელას ყველაზე ახლო მოკავშირე, კუბა დღიურად 31,000 ბარელ ნავთობს იღებს გადაუმუშავებელი ნავთობის, საავტომობილო და საავიაციო საწვავის სახით.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ნავთობკომპანიებს ლიცენზიები ჯერ კიდევ მარტში შეუჩერდათ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მადუროს მთავრობის წინააღმდეგ სასანქციო პაკეტის ფარგლებში.




























