ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ივნისის დეპოზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 1.85 მილიარდი ლარით გაიზარდა. შედეგად მთლიანმა სადეპოზიტო პორტფელმა 60.77 მილიარდი ლარი შეადგინა. ივნისში დეპოზიტების ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 3% შეადგინა. ხოლო დეპოზიტების წლიური ზრდის მაჩვენებელი კურსის ეფექტის გარეშე 11.57%-ია.
ივნისში ვადიანი დეპოზიტები 320 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო ვადის გარეშე - მოთხოვნამდე ანგარიშები 1.53 მილიარდი ლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციამ ივნისის ბოლოსთვის 50.33% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია.
"ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.85% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.50%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.45%", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























