მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში რუსული ფქვილის შემოტანა შემცირდა - როგორია იმპორტის 6 თვის სტატისტიკა?

64be89e241f0f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.23 20:35
1226
საქართველოში მარცვლეულის მწარმოებელთა და გადამმუშავებელთა ხელშეწყობის მიზნით, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რუსეთის მიერ დაწესებული ხორბლის საექსპორტო ბაჟის საპირწონედ, ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე ნოემბრამდე დროებითი მოსაკრებელი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 12 ივნისიდან შევიდა და 1 ტონა ფქვილზე 200 ლარით განისაზღვრა. დაახლოებით 1 თვის შემდეგ მარცვლეულის მწარმოებლებმა იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ეფექტიანად არ მუშაობდა, რის გამოც საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი კვლაც დიდი მოცულობით ხდებოდა, ხოლო ადგილობრივი წისქვილები შემოტანილ ფქვილზე დაბალი ფასის გამო, ქართულ ხორბალს შესაბამის ფასად დაპირებულ 70 თეთრად ვერ იბარებდნენ. ამიტომ მარცვლეულის მწარმოებლებმა საფურაჟე ხორბლის იმპორტის აკრძალვის მოთხოვნა წამოაყენეს, რომელიც მთავრობამ მალევე დააკმაყოფილა და ნოემბრამდე დაღერღილი ხორბლის იმპორტი აკრძალა.

იქონია თუ არა ფქვილის იმპორტზე დაწესებულმა გადასახადმა რუსეთიდან ხორბლის ფქვილის შემოტანაზე გავლენა და როგორია მაჩვენებლები - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას BM.GE ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეეცდება.

საქსტატის განახლებული ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში 25 მილიონ 228 ათასი დოლარის ღირებულების 87 077 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებით გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 14.1%-ით ჩამორჩება, ხოლო მოცულობით 11.5%-ით აღემატება.

ტრადიციულად საქართველოსთვის ფქვილის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია, რომლის წილი მთლიან იმპორტის მოცულობის 98.5%-ს შეადგენს. წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან 24 მლნ 398 ათასი დოლარის ღირებულების 85 802 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის იმპორტის ღირებულებაზე 15.4%-ით ნაკლებია, ხოლო მოცულობით 11.1%-ით მეტია.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში ფქვილი ასევე თურქეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვიდან და ავსტრიიდან შემოვიდა.

რაც შეეხება ივნისს, როდესაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტზე გადასახადი დაწესდა, ამ თვეში რუსეთიდან წლიურად ფქვილის იმპორტის როგორც ღირებულება, ასევე მოცულობა შემცირდა. წელს მხოლოდ ივნისში 3 მილიონ 330 ათასი დოლარის ღირებულების 13 674 ტონა რუსული ფქვილი შემოვიდა, რაც გასული წლის ივნისის იმპორტის ღირებულებას 47.9%-ით, ხოლო მოცულობას 8%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, ამ შემთხვევაშიც იმპორტირებული საქონლის ღირებულება 6 თვის მონაცემებით 22.5%-ით, ხოლო მოცულობა 34.9%-ითაა გაზრდილი. იანვარ-ივნისში საქართველოში 20 მილიონ 657 ათასი დოლარის ღირებულების 67 581 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რომლის 97.8% რუსეთზე მოდის. ანუ საქართველომ საანგარიშო პერიოდში 20 მილიონ 141 ათასი დოლარის ღირებულების 66 097 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა. აღსანიშნია, რომ წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ხორბლის იმპორტის ღირებულება 35.4%-ით, ხოლო მოცულობა 97.7%-ით გაიზარდა.

ხორბლის იმპორტი მცირე მოცულობით უკრაინიდან განხორციელდა. იმპორტირებული 1 484 ტონა უკრაინული ხორბლის ღირებულებამ 515 ათასი დოლარი შედგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები