საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ივნისში საბანკო დაკრედიტება 1.57 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2%-ის ზრდას წარმოადგენს. მთლიანობაში ივნისის ბოლოს კრედიტების მოცულობამ 66.2 მილიარდი ლარი შეადგინა, დაკრედიტების წლიური ზრდა კი გაცვლითი კურსის გამორიცხვით 15.58%-ია.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ივნისში დაკრედიტების ზრდის ნახევარზე მეტი უცხოურ ვალუტაზე მოდიოდა და ახალი სავალუტო სესხების მოცულობამ 813.5 მილიონი ლარი შეადგინა, ლარის კრედიტები კი 754 მილიონი ლარით გაიზარდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ივნისში ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა. არსებული მდგომარეობით საბანკო კრედიტების 56.92% არის ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული, რაც წინა თვესთან შედარებით 0.21 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.



























