ქართული ბანკების დაკრედიტებამ 57,7 მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, აგვისტოში კრედიტების მოცულობა 538 მილიონი ლარით, ანუ 0.94%-ით გაიზარდა.
სებ-ის თანახმად, ლარის კრედიტების მოცულობა 495 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო სავალუტო სესხების მოცულობა 43 მილიონით გაიზარდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპი სავალუტო დაკრედიტების ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის გამოც კრედიტების ლარიზაციამ უკვე მთლიანი სესხების 56%-ს მიაღწია. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კრედიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 55% იყო, ანუ ბოლო ერთ წელში ლარიზაციის ნიშნული ერთი პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.49 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.29%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.29 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.69%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.04%-ით მეტი). 2024 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.07%-ით, ანუ 319.17 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 30.06 მლრდ ლარი შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.