მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივნისში უძრავი ქონების ტრანზაქციები 2021 და 2019 წელთან შედარებითაც დაბალი იყო" – "კოლიერს ჯორჯია"

ბინები

“კოლიერს ჯორჯიას” კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელის ლეო ჩიქავას თქმით, ივნისში უძრავი ქონების ტრანზაქციები მნიშვნელოვნად შემცირდა. მაჩვენებლები ნაკლებია არათუ რეკორდულ 2022-თან, არამედ 2021 და 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებითაც.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ჩიქავამ მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის მეორე ნახევრისთვის მთავარი რისკები არჩევნებსა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„2022 წელი იყო რეკორდული, რომლის შემდეგაც მოსალოდნელი იყო რომ უძრავი ქონების ბაზარზე შემცირებები დაფიქსირდებოდა. მთლიანად 2024 წლის პირველ 6 თვეს თუ ავიღებთ, ამ მხრივ კლება საგანგაშო არ არის, 3%-ია, თუმცა ივნისი იყო გამონაკლისი, როცა ტრანზაქციების რაოდენობა 2021-ზეც და 2019 წელზეც დაბალი იყო.

დეველოპერების გაყიდვების ნაწილი რეგისტრირდება გვიან და ამიტომ 3%-იანი კლება არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა როცა ივნისზე ვსაუბრობთ, 21%-იანი კლება ამ ფაქტორს გამორიცხავს, ეს ნიშნავს რომ ტრანზაქციების რაოდენობა რეალურად შემცირდა. თუ შევხედავთ ძველ ბინებს თუ ახალს მეორეულ ბაზარზე, ყველგან არის შემცირება. ძირითადი ზრდა 6 თვის განმავლობაში გვაქვს მხოლოდ დეველოპერების გაყიდვებში", - განმარტა ჩიქავამ.

რაც შეეხება ფასებს, “კოლიერს ჯორჯიას” კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ფასი უძრავ ქონებაზე 6%-ით გაიზარდა.

"წინა 2 წელში ფასში ორნიშნა ზრდა გვქონდა - 20%-ის ფარგლებში, წელს 6 თვეში გამოვიდა 6%-ის ფარგლებში. ტრანზაქციებიც და ფასიც ახლა წონასწორობამდე უნდა მივიდეს. წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით, რომ ფასების ზრდის ტემპი იგივე იქნება, რაც შეეხება ტრანზაქციებს, ნაკლები ვიდრე 2023-ში.

რისკები ეხება შიდა და გარე პოლიტიკურ ვითარებას. მეორეა მიგრანტების ეფექტი, როცა დასრულდება ომი მნიშვნელოვანია რას იზამენ ის მიგრანტები ვინც ამ დრომდე თბილისში და ბათუმში ცხოვრობენ. გასვლა იქნება ეტაპობრივი თუ ერთიანი“, - განაცხადა ლეო ჩიქავამ.

2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,477 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 5%-ით, 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება ბათუმს, recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 17%-ით, 6,915 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 11%-ით შემცირდა და 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები