ტრამპის გამარჯვებამ შეიძლება გამოიწვიოს მშპ-ს 1%-იანი დარტყმა ევროზონის ეკონომიკაზე, რის შედეგადაც ყველაზე მეტად გერმანია, იტალია და ფინეთი დაზარალდება. "ნატოს" განახლებულმა მოთხოვნებმა და აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების პოტენციურმა შეწყვეტამ კი, მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს - ასეთია Goldman Sachs ეკონომისტების შეფასება.
მათი პროგნოზით, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის პოტენციური ხელახალი არჩევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევროზონის ეკონომიკას. ეკონომისტები ღიად ალაპარაკდნენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო სკამის მესაკუთრის ცვლილება ევროპის ეკონომიკას მინიმუმ 150 მილიარდი დოლარის ზარალს მოუტანს, რაც რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1%-ის ეკვივალენტია. ეს გავლენა კი, მოსალოდნელი ნეგატიური სავაჭრო შედეგებიდან და გაზრდილი თავდაცვის ხარჯებიდან მომდინარეობს.
ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას მისი მკვლელობის მცდელობამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ხელახლა არჩევის შანსები კიდევ უფრო გაზარდა. საპროგნოზო ბაზრებზე ახლა ტრამპის გამარჯვების შანსი 71%-ია, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა წინა მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მისმა ოპონენტმა, ჯო ბაიდენმა, მკვეთრი ვარდნა განიცადა და მისი შანსები, ორი თვის წინ დაფიქსირებული 45%-დან 18%-მდე დაეცა.
ეკონომისტების შეფასებით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში გლობალურ სავაჭრო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გაურკვევლობა და ტარიფების ცვლილება არის მოსალოდნელი. პარალელებს ავლებენ 2018-19 წლებში არსებულ სავაჭრო გაურკვევლობასთან და ამტკიცებენ, რომ რომ ტრამპის აგრესიულმა სავაჭრო პოზიციამ ეს გაურკვევლობა შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს. მათ შორის არგუმენტად მოჰყავთ ტრამპის მიერ დადებული პირობა, რაც აშშ-ში ყველა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან იმპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას გულისხმობს. ამ დაპირების განხორციელების შემთხვევაში კი ეკონომისტები რისკებს, როგორიც ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის შემცირების, ასევე ქვეყნებში ინფლაციური წნეხის გაზრდის მიმართულებით ხედავენ.
ეკონომისტების ვარაუდით, სავაჭრო პოლიტიკის გაურკვევლობის ზრდამ, რომელმაც 2018-19 წლებში ევროზონის სამრეწველო წარმოება 2%-ით შეამცირა, ახლა შესაძლოა ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-იანი კლება განაპირობოს.
Goldman Sachs-ის ეკონომისტები პროგნოზირებენ იმასაც, რომ აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის ნეგატიური ეფექტი ევროზონის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად გერმანიაზე აისახება და ეს საფრთხე, უპირველესად მისი ინდუსტრიულ საქმიანობაზე დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. აღნიშნავენ იმასაც, რომ გერმანიის ინდუსტრიული სექტორი უფრო დაუცველია ვაჭრობის შეფერხების მიმართ, ვიდრე ევროზონის სხვა მსხვილი ეკონომიკები, როგორიც მაგალითად საფრანგეთია, ამასთან 157 მილიარდი ევროს მოცულობით, გერმანია აშშ-ში ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის შემდეგ კი, ეკონომისტები იტალიასა და ფინეთის ყველაზე მეტად დაზარალებას ვარაუდობენ გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეკონომიკებში წარმოებას არანაკლები როლი უკავია.
Goldman Sachs-ის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის გამარჯვება ევროპას ახალ ფინანსურ და თავდაცვის ტვირთს აჰკიდებს. ტრამპი მუდმივად უბიძგებდა ნატოს წევრებს, შეესრულებინათ მშპ-ს მიმართ თავდაცვის 2%-იანი ხარჯების ვალდებულებები. ამჟამად ევროკავშირის წევრები თავდაცვაზე მშპ-ს დაახლოებით 1,75%-ს ხარჯავენ, მიზნის მისაღწევად კი ბიუჯეტის 0,25% პროცენტული პუნქტით გაზრდა არის საჭირო. უფრო მეტიც, ტრამპმა მიუთითა, რომ შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაცემაც შეწყვიტოს და ევროკავშირზე ეკონომიკური ზეწოლის ზრდა ამ გადაწყვეტილებიდანაც შეიმჩნევა. ამჟამად აშშ ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდ ევროს, ანუ ევროკავშირის მშპ-ს 0.25%-ს გამოყოფს უკრაინის მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, ნატო-ს მშპ-ს 2%-იანი თავდაცვის ხარჯების მოთხოვნის დაკმაყოფილება და აშშ-ის სამხედრო დახმარების პოტენციური შემცირების კომპენსირება შესაძლოა, ევროკავშირს მშპ-ს წელიწადში დამატებით 0,5% დაუჯდეს.