მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოს დგას... საჭიროა ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ - კულუმბეგოვი

5fb39fb6e4fea
თათია ჩაფიჩაძე
17.11.20 14:05
1544
"ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოს დგას“, - ასე აფასებს ექიმი, ინფექციონისტ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი covid-პანდემიის გავრცელების მაჩვენებლებს და ამბობს, რომ დღიურად 3500 ინფიცირებულების ფონზე, სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა შესაბამისს სერვისს ის პირები ვეღარ იღებენ, ვისაც ეს სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ მდგომარეობის დასტაბილურებისთვის 2-3 კვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნია“ საჭირო. ინფექციონისტი ტრანსპორტის შეზღუდვაზე, ასევე, მოლების და სარესტორნო ბიზნესის დახურვაზე საუბობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში აქტუალურია კულუმბეგოვის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი, რომლის თანახმადაც, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ "დაასრულებს" პანდემიას. „შედეგად 15-დან 20 ათასამდე გარდაცვლილ თანამოქალაქეს მივიღებთ“, - წერდა ინფექციონისტი. მის ამ პოსტს გუშინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „20,000 გარდაცვლილს ქვეყანა არ მიიღებს.“

„საქმიან დილასთან“ საუბრისას კულუმბეგოვმა არსებული რეალობის ფონზე სამომავლო პროგნოზებზე ისაუბრა.

„როცა დღიურად, ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების 3 5000 მაჩვენებელი გაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ რეალური რიცხვი 8-9 ათასია, რადგან ოჯახის წევრები უხშირესად არ იტესტებიან. თუ ჩვენ შეზღუდვების გარეშე ცხოვრებას გავაგრძელებთ და ეპიდემიის ტრაექტორიას ვერ შევამცირებთ, შეიძლება, თვეში 270 -300 ათასი ადამიანი გაგვიხდეს ავად და ეს თუ 10 თვე გაგრძელდება ანუ იქამდე, ვიდრე რეალურად ვაქცინა ჩვენამდე მოვა, და მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს შემდეგი 8-10 თვე მოხდება, დაინფიცირდება 2-2.5 მლნ ადამიანი. ვირუსს აქვს გარდაცვალების 1% ანუ 1000-დან 10 ადამიანი იღუპება და ჩემ მიერ დასახელებული რიცხვი სწორედ ამ უხეში გათვლებიდან მომდინარეობს“, - აცხადებს ინფექციონისტი.

ამასთან, კულუმბეგოვის აზრით, საწოლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

„ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ 800-დან 1000-მდე ახალი საწოლი იქნება და ბევრგან იქნება ჟანგბადის ხელმისაწვდომობა. იმედია, მოხერხდება, რომ ვისაც არ სჭირდება სტაციონარში მკურნალობა, ისინი გაეწერებიან და კლინიკებში დარჩებიან შედარებით მძიმე პაციენტები. თუ საჭირო გახდება, იქნება საველე ჰოსპიტლები - ახლა ეს უნდა გამოსწორდეს. ვნახოთ, ამ ღონისძიებებს დაველოდებით და ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად გავლენას მოახდენს, თუმცა რთული სიტუაციაა. იმედია, აღმავალი გზით არ წავა პანდემია, თორემ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია „ლოქდაუნის“ გარეშე... აქ საუბარია არა - სრულ, არამედ ნაწილობრივ ჩაკეტვაზე; რაღაც ეტაპზე უნდა გადაიხედოს და შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა, სარესტორნო ბინზესი, საცალო გაყიდვები, მოლები და ა.შ. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ სისტემამ ამოისუნთქოს, ბევრი ტესტი დაიხარჯა და მარაგები უნდა შეივსოს, დაავადებული ექიმები გამოჯანმრთელდნენ და ა.შ. საქართველოს რესურსი დღიურად 400-500 ახალ ინფიირებულზეა მორგებული, მითუმეტეს არათანაბარი მედიცინა გვაქვს; თბილისში განვითარებულია და პერიფერიებში ძალიან გვიჭირს. ამდენად, ნაწილობრივი „ლოქდაუნის“ მიზანია, დრამატულად შემცირდეს ინფიცირების რაოდენობა, როცა ვერ უმკლავდები“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები