მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯანდაცვა მივიდა იმ დონემდე, რომ EU-ს სტანდარტებიც დავნერგოთ, მაგრამ არ უნდა ავჩქარდეთ" - ფრუიძე

ნიკოლოზ ფრუიძე

კლინიკა “კონსილიუმ მოდულას” დირექტორი, ნიკოლოზ ფრუიძე, “საქმიანი დილას” ეთერში ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ცვლილებებსა და იმ კანონპროექტს აფასებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლიდან სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირება სავალდებულო გახდება და შემუშავდება ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორები. ფრუიძის თქმით, ჯანდაცვის სფერო მზად არის, ხარისხიანი მომსახურება პრიორიტეტად აქციოს, თუმცა ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ის დაბალი მიმართვიანობის მქონე კლინიკებში კიდევ უფრო რთულად მისაღწევი იქნება.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც კატასტროფულად ცუდი ვითარება იყო მედიცინაში, როცა არც შუქი იყო, არც ხელთათმანები, არც გასაკერი ძაფი და ა.შ. მაშინ გადაწყვეტილი იყო, რომ მაქსიმალურად დაგვენებებინა თავი მაღალი ხარისხისთვის, რომ დარგი წინ წასულიყო. დღეს ქართული ჯანდაცვა მივიდა იმ დონემდე, რომ დარგში ევროკავშირის სტანდარტებიც დავნერგოთ, მაგრამ აუცილებელია დაკვირვება, არ უნდა ავჩქარდეთ. ეს უნდა გაკეთდეს გეგმაზომიერად და ნაბიჯ-ნაბიჯ.

რაც უფრო მაღალია სტანდარტი, ფასებიც უფრო მაღალია აპარატურის თუ სახარჯო მასალის. აქედან გამომდინარე, დარგმა რომ შეძლოს ამ ტვირთის ტარება და შესაბამისი შედეგიც მივიღოთ, მას ხელი სახელმწიფომ უნდა შეუწყოს და ეს სერვისების და მომსახურების ფასების ოპტიმიზაციითა და სწორი განფასებით უნდა გააკეთოს. თუ ჩვენ არ მოგვცეს გონივრული ვადა იმისთვის, რომ თანხები მოვაგროვოთ, რაღა თქმა უნდა, ეს არაფერს მოგვცემს, მით უმეტეს, რომ რაიონებში არ გვაქვს ფუფუნება, ბევრი კონკურენტუნარიანი საავადმყოფო გვქონდეს. უნდა ვიფიქროთ იმ რეგიონებზე, სადაც დატვირთვა დაბალია, ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგალითად, ამბროლაურში, სულ 20 ათასი ადამიანი... იქ, თავისთავად ცხადია, დატვირთვა დაბალია და როგორ უნდა მოახერხონ გადაიარაღება? ამიტომ სჭირდება ამ საკითხს განხილვები”, - აღნიშნა ნიკოლოზ ფრუიძემ.

ასევე, ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, კლინიკების ნაწილმა უკვე მიიღო შესაბამისი წერილი, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო მათ დაფინანსებას შეუჩერებს. ფრუიძე აღნიშნავს, რომ ლეტალობის პროცენტულობა საავადმყოფოს ტიპით უნდა განისაზღვროს და არა - ერთმნიშვნელოვნად.

“ასე ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ კლინიკას დავხურავთ, თუ ლეტალობა კონკრეტულ პროცენტს გასცდება, არ არის სწორი - არსებობს მაღალტექნოლოგიური რეფერალური საავადმყოფოები, სადაც მაღალი რისკის მქონე პაციენტებს იღებენ. სამწუხაროდ, მედიცინა დღეს არ არის იმ დონეზე, რომ 100%-იანი გამოჯანმრთელება უზრუნველყოს. ბევრ საავადმყოფოში კი სხვა საავადმყოფოდან გადმოყვანილი მძიმე პაციენტებიც არიან. აქედან გამომდინარე, ამ საავადმყოფოს ყოველთვის უფრო მაღალი ლეტალობა ექნება, ვიდრე მას, სადაც მარტივი ოპერაციები ტარდება. გვაქვს დონეები საავადმყოფოების მიხედვით და მიდგომაც დონის შესაბამისი უნდა იყოს”, - აცხადებს “კონსილიუმ მედულას” დირექტორი.

ცნობისთვის, სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები