ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება დროებითია. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა პოლიტიკური იყო, ამიტომ მატერიალური ხასიათის პრობლემები მოსალოდნელი არაა. ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა ისეთი მიზეზებით განპირობებული, რომ სამართლიანად მივიჩნიოთ.
"ასეთი გადაწყვეტილება ერთ მხრივ არის აშკარად დროებითი. იმიტომ, რომ არ მგონია, რომ ამას რაიმე კონკრეტული საფუძველი გააჩნდეს ან ემსახურებოდეს საქართველოს ან აშშ-ს ინტერესს. აქედან გამომდინარე, მართლა გულწრფელად მგონია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კვირის ამბავი, როდესაც გარკვეული პრობლემები შეიძლება არსებობდეს ამ ურთიერთობებში.
რაც შეეხება, თუ რა შეიძლება გააფუჭოს ამან საქართველოსთვის, ამ დრომდეც სამწუხაროდ, სტრატეგიული თანამშრომლობა უპირატესად პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი იყო და პოლიტიკური თვალსაზრისით იყო ეს მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მატერიალურ, ფინანსურ და ამ სახის პრობლემების გაჩენას, ასეთი მოსალოდნელი არ არის.
დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დადგება დრო, როდესაც რეალურად დაიწყება ნაბიჯების გადადგმა ამ ურთიერთობების გადასატვირთად. ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს არ არის ისეთი მიზეზით განპირობებული გადაწყვეტილებები აშშ-ს მხრიდან მიღებული, რომელიც შეიძლება ლეგიტიმურად ან სამართლიანად მივიჩნიოთ",- თქვა სარჯველაძემ.
სტრატეგიული თანამშრომლობის შინაარსზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ სარჯველაძემ თქვა, რომ საქართველო ისურვებდა აშშ-სთან უფრო ინტენსიურ ურთიერთობას, რაც ვერ მოხერხდა.
"არაერთხელ გვისაუბრია, რომ კი, ჩვენ ვისურვებდით აშშ-სთან უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას და ურთიერთობას. ეს გულისხმობს მათ შორის, ეკონომიკურ ურთიერთობებს, უვიზო მიმოსვლას, ფრენებს და ა.შ. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა რომ ამ მიმართულებებით ყოფილიყო წინსვლა, სამწუხაროდ ეს თანამშრომლობა შეგვიძლია სწორედ ასე დავახასიათოთ, რომ უფრო მეტი წილი იყო პოლიტიკური მნიშვნელობა, ვიდრე კონკრეტული ბენეფიტები მოქალაქეებისთვის",- აღნიშნა მინისტრმა.
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რაც დაფუძნებული იყო საერთო ღირებულებებზე. შედეგად აშშ აჩერებს პარტნიორობას.