საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებთან და არა მხოლოდ, დაკავშირებით, ხშირად დეფიციტი იქმნება. როგორც მინისტრმა თქვა, ამ საკითხზე ფარმაცევტულ სექტორთან, აფთიაქებთან და იმპორტიორებთან საკმაოდ მწვავე შეხვედრა ჰქონდათ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუ კერძო სექტორი საკითხს არ დაარეგულირებს, მაშინ დამატებითი რეგულაციები გამორიცხული არ არის.
“რაც შეეხება მედიკამენტების დეფიციტებს, ამასთან დაკავშირებითაც უნდა გითხრათ, რომ ეს მწვავე საკითხია. ერთი მედიკამენტის დეფიციტიც კი არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი სახელმწიფოსთვის. დღეს მოქმედი კანონმდებლობით იმპორტს და დისტრიბუციას არ ახორციელებს სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფო აკვირდება მიმდინარე პროცესებს და მარაგებს საიმისოდ, რომ დეფიციტი არ შეიქმნას და ეს არ აისახოს უარყოფითად რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეიქმნა გარკვეული დეფიციტები რამდენიმე მედიკამენტთან დაკავშირებით. ეს მწვავე საკითხია, ბოლო პერიოდში გვქონდა რამდენიმე მწვავე და მძიმე შეხვედრა მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან ეს დეფიციტები, რაც შექმნილია. სახელმწიფო არ აპირებს, ამ მიმართულებით იყოს გულხელდაკრეფილი, და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება რელევანტური, ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება, რომ აქ გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, არცერთი კომერციული ინტერესი დადგეს უფრო მაღლა, ვიდრე პაციენტის უფლება. ეს არის შექმნილი პრობლემა ქსელის მხრიდან და აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას“, - განაცხადა სარჯველაძემ.
bm.ge დაინტერესდა, თუ რა რეგულაციის შემოღებას გეგმავს სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩინა, რომ რომელიმე კომპანია კომერციულ ინტერესს პაციენტზე მაღლა აყენებს, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობს.
სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ ვინმე კომერციულ ინტერესს პაციენტის ინტერესზე მაღლა აყენებდეს. მინისტრის თქმით, ძალიან დაწყდება გული, თუკი ეს ასე იქნება.
“ჩემი ამოცანაა, რომ ვარეგულიროთ ეს საკითხები ისე, რომ სივრცე არ რჩებოდეს და არ არსებობდეს შესაძლებლობაც კი, რომ ვინმემ კომერციული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს. სისტემა ამუშავდება უახლოეს მომავალში ისე, რომ რეალურად, ამის შესაძლებლობა არ იქნება და სისტემა არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ცალკეული კომერციული მონაწილეების კეთილსინდისიერებაზე”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ახლა არ შეუძლია საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ყველა ეს საკითხი, თუმცა შეეცდება, კვლავაც იგივე მიდგომა გააგრძელოს.
“სახელმწიფო ამას დაარეგულირებს ისე, რომ არ იქნება დამოკიდებული სუბიექტურ მიზნებზე. არ დარჩება სივრცე, რომ კომერციულმა ინტერესმა გადაძალოს. მხედველობაში მივიღებთ ყველას კომერციულ და ეკონომიკურ ინტერესს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომერციული ინტერესები უფრო მაღლა და წინ იქნება დაყენებული, ვიდრე პაციენტის საუკეთესო ინტერესი”, - თქვა სარჯველაძემ და დასძინა, რომ სისტემის ჩამოყალიბება სამუშაო ფორმატში მიმდინარეობს.