მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯარიმების ხანდაზმულობის ვადის პირობა პირდაპირაა გადმოწერილი რუსულიდან - რომან გოცირიძე "რუსულ კანონზე"

რომან გოცირიძე

პარლამენტის დეპუტატი, „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „რუსულ კანონში“ ჯარიმების ხანდაზმულობის ვადა პირდაპირ რუსულიდან არის ნათარგმნი და 6 წლით განისაზღვრება, ნაცვლად 3 წლისა, როგორც ეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით არის განსაზღვრული. განცხადება რომან გოცირიძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

„ბატონო მამუკა[მდინარაძე], საქართველოს საგადასახადო კოდექსი თუ წაგიკითხავთ? ამ კანონპროექტის [„რუსული კანონის“] დაწერის დროს ფინანსთა სამინისტროსთან გქონდათ რაიმე კონსულტაცია? ამ კანონპროექტში, როცა წერია, რომ ის არ ზღუდავს არასამთავრობო და მედიის საქმიანობას, ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „არ“ და პირდაპირ უნდა ეწეროს, რომ ეს კანონი ზღუდავს. ზღუდავს იმიტომ, რომ ახდენს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მტრად გამოცხადებას და იქიდან მიღებული დაფინანსების ქვეყნის საზიანოდ გამოყენებას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ზღუდავს ფინანსურად.

რაც შეეხება ჯარიმებს, რომელიც მეცხრე მუხლშია... თქვენ გადაწერეთ რუსული საგადასახადო კოდექსი პირდაპირ, სადაც წერია, რომ დანაშაულისთვის დაწესებული ჯარიმის ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი და ეს არის რუსული კანონიდან გადმოწერილი. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი. 100 მილიონიც კი რომ დამალოს, ან მოიპაროს სუბიექტმა, ჩვენი კანონით დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი. პირდაპირ გაქვთ გადმოწერილი რუსულიდან ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ეყრდნობა რუსეთის საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლს. თქვენ არც კი გაქვთ წაკითხული საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, - მიმართა მომხსენებელს რომან გოცირიძემ.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონპროექტში „უცხოური ძალის“ ნაცვლად უნდა ჩაიწეროს „მტრული ძალის“.

ცნობისთვის, კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები