პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების მინიმუმ 20%-იც უცხოეთიდან მოდის, მაგრამ "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" დარეგისტრირებას არ აპირებენ, სასჯელის სახით მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ.
"დაეწერებათ ჯარიმა და ეგაა. თქვენ იცით, რომ ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული კანონით. ერთადერთი ზომა არის ₾25 000-იანი ჯარიმა, ეს არის და ეს. მორჩა, ამით ყველაფერი მთავრდება. არავითარი სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეეხება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება, ძალიან მარტივად, ₾25 000-იანი ჯარიმა", - განაცხადა კობახიძემ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან, ყველა ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს „რუსული კანონით“ დადგენილ კრიტერიუმებს, უცხოური გავლენის გამტარებლად უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად უნდა დარეგისტრირდეს იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.