Twitter-ის დამფუძნებლის ჯეკ დორსის პირველი ტვიტი ონლაინ აუქციონზე რეკორდულ თანხად შეფასდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ჯეკ დორსიმ პირველი ტვიტი 2006 წელს გამოაქვეყნა. „უბრალოდ, ვაწყობ ჩემს Twttr-ს“ (“just setting up my twttr”), - დაწერა მან.
მიმდინარე წლის 5 მარტს დორსიმ 15 წლის წინანდელი ტვიტი ონლაინ აუქციონის Valuables-ის ბმულით გამოაქვეყნა და შაბათის მონაცემებით, ცნობილი ტვიტი რეკორდულ თანხად - 2 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.
დორსის ტვიტზე ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება კრიპტოვალუტა Tron-ის შემქმნელმა ჯასტინ სანმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ტვიტის მყიდველი უნიკალურ ციფრულ სერტიფიკატს მიიღებს, რომელსაც ხელს მისი ავტორი აწერს, რაც მყიდველს იმის საშუალებას მისცემს, რომ „ტვიტი“ კიდევ გაყიდოს ან საკუთარ კერძო კოლექციაში შეინახოს.