მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯერ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულების პრინციპები“

637f81be8e5c8
ინგა მურუსიძე
24.11.22 20:20
522
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში ნათელია, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა უმთავრესია, რადგან ეს არის საშუალება და გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან - სხვა გზა არ არსებობს. განცხადება პრეზიდენტმა „მართლმსაჯულების სახლის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი - ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის დაცულობა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის, ან არაუცილებლობის დადგენა, (სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა იმ დროს, როცა ამ ძალიან არაევროპულ კანონზე დავადე ვეტო, ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება); კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ანუ ყველაფერი, რასაც ჩვენ ზოგადად, დემოკრატიას ვუწოდებთ, ყველაფერი მართლმსაჯულებაზე გადის. თუ არაა მართლმსაჯულება, მაშინ არაფერია დაცული და დამოკიდებული ვართ ვინმეს ნებასა და გადაწყვეტილებაზე, ამიტომაა ეს სამუშაო და თქვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი.

მართლმსაჯულების რეფორმაზე შეთანხმება წარმოადგენს საშუალებას შევასრულოთ რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საკითხი - დეპოლარიზაცია. ნათელი, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა.

ეს, პირველ ეტაპზე, უნდა იყოს კონსესუსი მინიმალურზე და შემდეგ სრულ რეფორმაზე. ამ კონსესუსის მიღწევა დეპოლარიზაციის ის მთავარი ნიშანია, რის გარეშეც ყველაფერი ფუჭი იქნება, რის გარეშეც ვერაფერზე შევთანხმდებით. და ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, პირველად შეძლებენ პარტიები და ხელისუფლებაში უმრავლესობით მყოფი პარტია პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენოს საქართველოს ინტერესები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შესაძლოა, დღეს სხვა ქვეყნებშიც არის არანაკლები პოლარიზაცია და იქაც იგივე პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ის ქვეყნები უკვე იმ დემოკრატიულ სამყაროში არიან და იმ ხაზის იქით არიან. „მათთვის მთავარი დამცველი მექანიზმი არსებობს ყველას მიერ აღიარებული ძლიერი ინსტიტუტებია, რომელიც გიცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულების პრინციპები“, - თქვა ზურაბიშვილმა.

„მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა, რომ მართლმსაჯულება ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, ეს არის ის, რაც ქართული ტრადიციებიდან მოდის. არ არსებობს ქართული რეგიონი, სადაც არ იყო ადგილობრივი მართლმსაჯულების ფორმები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები