მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯინო ჰოლდინგი" თბილისის ზღვაზე კიდევ ერთ სასტუმროს აშენებს - ინვესტიცია 45 მლნ ევროა

სასტუმრო ჯინო

“ჯინო ჰოლდინგი” თბილისის ზღვის სანაპიროზე, აკვაპარკის მიმდებარედ და საინვესტიციო პროექტ "თბილისის ბულვარის” ფარგლებში 6-სართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს. ამის შესახებ ჰოლდინგის მმართველმა პარტნიორმა, ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმრო სტუმრების მიღებას მომავალი წლის ზაფხულისთვის დაიწყებს. ნომრების რაოდენობა 276 იქნება, ხოლო 5500 კვადრატული მეტრის ფართობზე კომერციული ფართები იქნება შეთავაზებული.

“პირველ სართულზე იქნება კაფეები, რესტორნები, ბარები, საბავშვო კუთხეები, ფიტნესი, პიცერიები, საკონდიტრო, მთლიანად სავაჭრო იქნება ეს ქუჩა. ხოლო ზევით იქნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. დიდი ალბათობით ეს იქნება ან „ინტერკონტინენტალი“ ან „ქრაუნ პლაზა“, ახლა მიდის მოლაპარაკებები. იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, შეიძლება ითქვას, რომ თუკი საქართველოში რაიმე სასტუმრო არსებობს უმაღლესი ხარისხის, მასზე მეტი თუ არა ნაკლები არა. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იდება ამ პროექტში. უკვე დაჩქარებული ტემპით მიდის მშენებლობა და ვფიქრობ, რომ სამ თვეში დამთავრდება შენობის ჩონჩხის მშენებლობა. გვინდა, რომ 2027 წლის ზაფხულში უკვე გავხსნათ ეს სანაპირო ზოლიც და სასტუმროც. ეს იქნება უნიკალური დასასვენებელი და სასეირნო ადგილი ქალაქელებისთვის და სტუმრებისთვის, ვინაიდან აქ მართლაც უნიკალური კლიმატი და ბუნებაა, ზღვის პანორამული ხედებით და იმ უნიკალურობით, რომელიც ჩვენს ყველა მშენებლობას ახასიათებს”, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.

მისივე თქმით, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 45 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ “ჯინო ჰოლდინგი” თბილისის ზღვის სანაპიროზე საინვესტივიო პროექტ “თბილისის ბულვარს” აშენებს, რომლის ჯამური ინვესტიცია 250 მილიონი დოლარია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სასტუმროც. თუმცა როგორც ნოდარ გიორგაძე ამბობს, მის მშენებლობას შემდეგი ეტაპისთვის გეგმავდნენ, მაგრამ პროექტი დააჩქარეს.

როდის იგეგმება „თბილისის ბულვარის“ მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპის დასრულება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები