"ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება.
პროექტი საპილოტეა და თავდაპირველად ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე ხორციელდება. ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე მოხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტი, იგივე შლამი, კი გამოშრება და სამომავლოდ კომპანია მას სარეკულტივაციო ადგილებისთვის სასუქად გამოიყენებს.
„მოგეხსენებათ, საწარმოს დახურული ციკლის პრინციპით ფუნქციონირება ერთ-ერთი იმ დაპირებათაგანი იყო, რომელიც, ეკოლოგიური პირობების დაცვის თვალსაზრისით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობას მისცა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში ჭიათურის 29-ე გამამდიდრებელ ფაბრიკაში დაინერგა, სამომავლოდ კი საპილოტე პროექტს ჩვენს ყველა ფაბრიკაში განვახორციელებთ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვასა და თანამედროვე ტექნიკის შეძენაში სოლიდური ინვესტიცია ჩადო, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 ათას დოლარს შეადგენს. პროექტი ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.
კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ჭიათურასა და ზესტაფონში, მუდმივად ხორციელდება ისეთი პროექტები, რომელიც მიმართულია არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ეს ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩვენს საწარმოო პროცესს გარემოსთან შემხებლობა აღარ ექნება, მდინარე ყვირილას დაბინძურება კი სრულად გამოირიცხება, რაც ვფიქრობთ, კომპანიის მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
NS