„კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“ - ასე ჰქვია თემატურ მოკვლევას, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. თემატური მოკვლევის ფარგლებში დღეს შემაჯამებელი ონლაინშეხვედრა გაიმართა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს.
ტურიზმის სექტორიდან კვალიფიციური კადრების გადინება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელზეც PMCG კვლევითი ცენტრის მკვლევარი ნიკა კაპანაძე BM.ge-სთან ინტერვიუში, სწორედ დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით, საუბრობს.
„სექტორში კადრების პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა ტურიზმის აღდგენის პროცესში, რადგან ადამიანები, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობდნენ, სექტორი დატოვეს და სხვა უფრო სტაბილურ და მაღალანაზღაურებად დარგებში გადავიდნენ. მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება, ეს დიდი გამოწვევა არ იყოს და დავაბრალოთ იმას, რომ მოთხოვნა არაა, მაგრამ თუ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ტურიზმის მდგრად აღდგენას ხელი შეუშალოს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და კერძო სექტორმა ამ პრობლემის გადაჭრაზე ახლავე იფიქროს“, - აღნიშნა ნიკა კაპანაძემ.
ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტის თვალსაზრისით მოსალოდნელ გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილიც.
„ყველაზე მეტად თუ რამეში ვხედავთ სახელმწიფოს როლს, ესაა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ტურიზმის სექტორში გადამზადების პროგრამებს ანუ დაეხმარონ ადამიანებს იმ უნარ-ჩვევების მიღებაში, რაც სექტორს სჭირდება“, - ამბობს კახა სამყურაშვილი.
გარდა ამისა, Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის თქმით, რეკომენდაციების ნაწილში ასევე ყურადღება გაამახვილეს ავიაციის საკითხზე, კერძოდ, ავიაკომპანიების მაქსიმალურად დაინტერესებაზე, რათა იფრინონ საქართველოში.
“თუ არ გვექნება ბევრი პირდაპირი ფრენა სხვადასხვა ქვეყანასთან, საიდანაც შეიძლება ვიზიტორები მივიღოთ, ტურიზმის დივერსიფიკაციაზე ძალიან რთული იქნება საუბარი. ეს კარგად წარმოაჩინა 2021 წელმა, როცა საუდის არაბეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან შემოვიდნენ ტურისტები. მაგალითად, უზბეკეთიდან ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, ამდენად თუ ამ ქვეყნებთან მეტად ხშირი ავიამიმოსვლა გვექნება, ტურიზმის დივერსიფიკაციაც მეტად გამოგვივა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
კერძო სექტორიდან წამოსულ რეკომენდაციებს შორის არის ასევე პანდემიის მიზეზით ტურიზმში გარკვეული შეზღუდვების დაწესების თუ მოხსნის თაობაზე ერთგვარი ფორმულის შემუშავება, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ ონლაინშეხვედრაზე PMCG კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსმა გააჟღერა.
„პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორი რამდენიმე დღით ადრე იგებს გახსნის ან შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, ამიტომ ამ მიმართულებით კერძო სექტორის რეკომენდაციაა, შემუშავდეს მოკლევადიანი გეგმა თუ წესი, რომელიც შეიცვლება ხოლმე, მაგრამ იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები. მაგალითად, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი თუ აცდება რაღაც X ნიშნულს, დაწესდება შეზღუდვა რესტორნებისთვის და შიდა სივრცეებში სტუმარს ვერ მიიღებენ და ა.შ. როგორც ტურიზმის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ასეთი ტიპის გეგმა დიდი შვება იქნებოდა სექტორისთვის“, - განაცხადა ნიკა კაპანაძემ.