ბაღდათში მდებარე მულტიფუნქციური კაფე „გლიცინია“, რომელიც ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა, საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული სივრცის დამფუძნებელმა, გიორგი ცაავამ ისაუბრა.
საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გახსნილი მულტიფუნქციური კაფე, პროფესიით პედაგოგის, ნათია ფურცელაძისა და ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ოჯახური ბიზნესია. წყვილმა თბილისში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, მშობლიურ მხარეში დაბრუნება და იქ საინტერესო სივრცის შექმნა გადაწყვიტა.
გიორგი ცაავას ინფორმაციით, კაფეში, რომელიც სრული დატვირთვით 30-მდე ადამიანს მოდერნიზებული ქართული კერძებით, ყავითა და დესერტებით მასპინძლობს, სივრცე მოეწყო, სადაც ბავშვებს არაფორმალური განათლების მიმართულებით სემინარებს სთავაზობს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული ობიექტი ლიტერატურული კაფეა, ჩვენი სწორება თავიდანვე საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარება იყო. შესაბამისად, 2025 წელს, ჩვენი გეგმა კაფეს არაფორმალური განათლების კუთხით წაყვანაა. კაფეს გვერდით ალტერნატიულ სივრცეს ვქმნით, სადაც არაფორმალური განათლების წრეზე იქნება აქცენტი. ხელოვნების, წიგნიერებისა და დეზინფორმაციისგან თავის არიდების მიმართულებით.
კაფეშივეა ინტეგრირებული ეს ობიექტი, თუმცა არა საკვებ სივრცეში. საგანმანათლებლო სივრცეში, 30-მდე ბავშვის მასპინძლობა შეგვიძლია. გეგმაში გვაქვს სემინარები, ამასთან მოზარდებს მეორადი მაკულატურის გადამუშავებას და შემდეგ ამისგან ახალი პროდუქტის შექმნას ვასწავლით. ძირითადად ეს კურსები მიმართულია ეკოლოგიაზე. პირველ ეტაპზე, როდესაც საახალწლოდ სემინარზე სატესტოდ მიღება გამოვაცხადეთ, 3 ბავშვი მოვიდა, ხოლო მეორე სემინარზე უკვე 10 ბავშვი. მესამე ეტაპზეც დადებითი უკუკავშირი გვქონდა და ვფიქრობთ ამ კუთხით განვითარებაზე“, - ამბობს ცაავა.
მისი ინფორმაციით, სემინარები არის 2 საათიანი, რომელიც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავს. სივრცეში 30-მდე ბავშვის განთავსებაა შესაძლებელი და მათ შუალედში ორცხობილებითა და კაკაოთი უმასპინძლდებიან. 2-საათიან სემინარზე 9-12 წლამდე ბავშვები დაიშვებიან.
რაც შეეხება კაფეს აქტივობას, ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებლის შეფასებით, გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მათ დატვირთვაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
„ნოემბრიდან საახალწლო აქტივობების და ივენთების დამეგეგმა გვქონდა გეგმაში, რადგან ეს ობიექტი არ არის გზად, შესაბამისად მომხმარებელი უნდა შემოიყვანო. შესაბამისად, რამე აქტივობას თუ არ დაგეგმავ, ასე ძნელია. თუმცა, მიმდინარე მოვლენებმა უკან ძალიან დაგვხია. 0 აქტივობა. ახალი წლის ღამესაც არანაირი ჯავშანი არ იყო. ახლაც ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ზაფხულს ველოდებით და ფარ-ხმალს არ ვყრით.
ამ ეტაპზე, ძირითადად ადგილობრივი მომხმარებელი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან გვყავს. ამასთან, ძალიან იშვიათად არიან რუსულენოვანი სტუმრები“, - ამბობს გიორგი ცაავა.
ინფორმაციისთვის, კაფე „გლიცინია“ ბაღდათში მდებარეობს. მცირე ბიზნესს ამ იდეის განხორციელებაში „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერის პროგრამა დაეხმარა, საიდანაც 40 000 ლარის დაფინანსება სამზარეულოს აღჭურვილობისთვის მოიპოვა. დღეისთვის კაფე 3 ადამიანს ასაქმებს: დიასახლისს, ბარისტას და მზარეულს.