საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რაც გასული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და მნიშვნელოვან ხარჯებს ასახავს.
კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, ამასთან, ის საქართველოს სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, “ორი ნაბიჯის” თანადამფუძნებელი და 33%-იანი წილის მფლობელია. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავლის უდიდესი წყარო სწორედ “ორი ნაბიჯიდან” მიღებული დივიდენდია, რამაც 2023 წელს 18.2 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წელს მიღებულ დივიდენდს 14.8 მილიონ ლარს, 3.3 მილიონი ლარით აღემატებოდა. თუმცა ამავე წელს მან კომპანიის საწესდებო კაპიტალში 9.1 მილიონი ლარის შენატანი განახორციელა, რაც დეკლარაციის თანახმად უმსხვილესი ხარჯი იყო.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020-2023 წლებში კახი ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 45.6 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო:
- 2024 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2023 წელს) თანახმად - 18.2 მილიონი ლარი;
- 2023 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2022 წელს) თანახმად - 14.8 მილიონი ლარი;
- 2022 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2021 წელს) თანახმად - 8.3 მილიონი ლარი;
- 2021 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2020 წელს) თანახმად - 4.3 მილიონი ლარი.
კახა ბექაურის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი ანაზღაურება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გასულ წელს 202 ათას ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. 32-გვერდიან ქონებრივ დეკლარაციაში კახა ბექაური უთითებს საკუთარ და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებულ 22 ბინას, 13 მიწის ნაკვეთს.
დეკლარაციის თანახმად, კახა ბექაურის მეუღლემ ეკატერინე ბერიძემ 2024 წელს შეიძინა სამი ბინა - 126 კვადრატული მეტრის ფართით, ასათიანის ქუჩაზე 203 ათას დოლარად, 126 კვადრატული მეტრის ფართით ასათიანის ქუჩაზე 201 ათას დოლარად, ჭავჭავაძის გამზირზე 69 კვადრატული მეტრის ფართით 300 ათას დოლარად.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად კახა ბექაური ფლობს 7 მსუბუქ ავტომობილს, რომელთა საერთო ღირებულებაც მათი შესყიდვის დროს 2.1 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი Range Rover Autobiography არის, რომელშიც ბექაურმა 2022 წელს 602 ათასი ლარი გადაიხადა, ასევე Porsche Panamera GTS, რომელშიც ასევე 2022 წელს ბექაურმა 372 ათასი ლარი გადაიხადა. 2023 წელს კი ბექაურმა Land Rover Defender-ი 326 ათას ლარად შეიძინა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, კახა ბექაური ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს 7.7 მილიონი ლარის დანაზოგებს, ასევე აქციების პორტფელს, რომელშიც ბექაურმა 2022-2023 წლებში 599 ათასი დოლარი გადაიხადა, მათ შორისაა Spotify-ის, Airbnb-ისა და სხვა კომპანიებს აქციები.
ქონებრივ დეკლარაციაში კახა ბექაური მისი მეუღლის, ეკატერინე ბერიძის შემოსავლებზეც უთითებს ინფორმაციას, რომელიც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა” და “რუსთავის წყლის” კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას იკავებს. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიებში მისი ანაზღაურება გასულ წელს 290 ათას ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება მსხვილ ხარჯებს, კახი ბექაური უთითებს 51 ათასი ევროს საყიდლებს, 134 ათასი ლარის ავიაბილეთების საფასურს, 50 ათასი დოლარის სამოგზაურო ხარჯებს, ასევე 123 ათასი ევროს სამოგზაურო ხარჯებს, სასროლეთის მოწყობაზე 109 ათასი ევროს ხარჯებს, საათების შეძენისთვის 37 ათასი და 16 ათასი დოლარის ხარჯებს.