საქართველოში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სასტუმროების რაოდენობა ყოველწლიურად ზრდის დინამიკას აჩვენებს, რასაც ტურისტების რაოდენობის ზრდა ვერ ეწევა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში კერძო სექტორი მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსზე ალაპარაკდა. ბიზნესი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ გამოწვევის ფონზე სასტუმროს ნომრების ფასები შემცირებულია და პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
"ტურისტების რაოდენობა არ გაზრდილა, ოთახების რაოდენობა კი გაიზარდა. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობა გადანაწილდა ახალ სასტუმროებზე და დატვირთულობის კოეფიციენტი შემცირდა. როდესაც დატვირთულობის კოეფიციენტი მცირდება, ეს ნიშნავს, რომ სასტუმროების ფასიც მცირდება და მათი წარმომადგენლები იძულებულები არიან სტუმრების მოზიდვის მიზნით ფასი დააკლონ. 2016-2017 საქართველოს სასტუმრო ბიზნესისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წლები იყო, ამ პერიოდთან შედარებით კი ფასები 30%-ით არის შემცირებული. გარდა ამისა, ქვეყანაში დაგვემატა უამრავი ოთახი გასაქირავებელი ბინების სახით და საკმაოდ ბევრი სტუმარი ბინებში დარჩენას ირჩევს და არა სასტუმროებში. 2016-17 წლებში თბილისის სასტუმროებში დატვირთულობის კოეფიციენტი თუ 88-90%-ი იყო, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 58-60%-ი შეადგინა", - ამბობს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
თბილისის სასტუმროების გარდა, მოთხოვნა–მიწოდების დისბალანსი საკმაოდ დიდი გამოწვევაა გარკვეულ რეგიონებში მდებარე განთავსების ობიექტებშიც. როგორც ალავერდაშვილი აღნიშნავს, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კახეთშია. მისივე თქმით, ამ რეგიონში სასტუმროების ნაწილს ოპერირების შეწყვეტა უწევს.
"კახეთი დაიქცა. თითქმის ყველა სასტუმრო იყიდება, Radisson Collection Tsinandali-ისა და "ლოპოტა"-ს გარდა, აბსოლუტურად ყველა. კახეთი გადაიქცა მხოლოდ შაბათ-კვირის კურორტად. როდესაც სასტუმროები კვირაში მხოლოდ ორი დღე არიან დატვირთულები და არა ხუთი, ძალიან რთული სიტუაციაა. საკმაოდ დაბალ შედეგებზეა კახეთი. ყველა ამბობს, რომ ძვირია და ოთახებს ვერ შოულობენ, თუმცა ეს ადამიანები ნომრებს ეძებენ შაბათს და კვირის ამ დღეს ნომრები თავისთავად ძვირია. რაც შეეხება ტურისტებს, კახეთის ვიზიტორები პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები, ძირითადად, რუსები და უკრაინელები იყვნენ. უკრაინელები გასაგებია და ამ ეტაპზე რუსებს ძალიან ცოტას ვხედავ ქვეყანაში", - აღნიშნავს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, ამ გამოწვევის წინაშე ქვეყნის ყველა რეგიონი არ დგას, მთის ზოგიერთი კურორტის შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვა რეალობაა.
"სხვათა შორის, ბაკურიანი წინ არის, ამ კურორტს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს და პირიქით, მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. გუდაურშიც წლევანდელი სეზონი ძალიან ნორმალური და კარგი იყო. მაგრამ, მაგალითად სვანეთს უკუსვლა აქვს, აჭარის მთიანეთს კიდევ უფრო დიდი უკუსვლა", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქართველოში ამჟამად სულ 3198 განთავსების ობიექტია. 2023-2024 წლებში ქვეყანაში სასტუმროების მოსაწყობად ჯამში 220 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით კი, ეს ინვესტიცია 2024-2027 წლებში 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ამ პერიოდში ქვეყანაში 326 განთავსების ობიექტის აშენებაა დაგეგმილი, საწოლფონდის რაოდენობა კი 37 000-ს გადააჭარბებს.