თბილისის მერი, კახა კალაძე ბიზნესსექტორს მოუწოდებს დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციას მალე მოერგონ და შესაბამისად გადაეწყონ. როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა აღნიშნა, ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ამ რეგულაციას მოუმზადებელი შეხვდა.
„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმა და პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვა თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ვიცით, ქალაქში რა მდგომარეობაა და მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ბევრ ღონისძიებას ახორციელებს იმისათვის, რომ მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების საშუალება მიეცეთ.
პირველ რიგში, გავზარდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარობა, ავტობუსების პარკი განვაახლეთ, ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ასევე, იცით, რომ საგზაო ნაწილში ხორციელდება კონკრეტული პროექტები, ეს არის ქუჩების ახალი დიზაინი იმისათვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს პრიორიტეტი, ყველაზე სწრაფად შეეძლოს გადაადგილება ქალაქის მასშტაბით, ვინაიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია, შევამციროთ ინციდენტების რაოდენობა, რომელიც გადაადგილებას ხელს უშლის და ხშირად იწვევს საცობებს. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ზემოაღნიშნული ცვლილებები.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, როგორც სერვისის გამწევ, ასევე მიმღებ სუბიექტებს, რომ გადაეწყონ და მოერგონ დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, არავის უხარია ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ აღნიშნული მიმართულების მოწესრიგებისთვის, რათა მოქალაქეებს გადაადგილება შეუმსუბუქდეთ, შესაბამისი რეგულაცია მნიშვნელოვანია.
როგორც მერმა აღნიშნა, გადაადგილების თვალსაზრისით ბოლო თვეებში ვითარება გაუმჯობესებულია: „გვახსოვს თვეების წინ რა ხდებოდა, დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, შემსუბუქებულია ვითარება, თუმცა ისეთი არ არის, როგორიც საბოლოოდ გვინდა და საითკენაც მივდივართ“.
შეგახსენებთ, თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება. დიდგაბარიტიანი სატვირთო მანქანებისთვის შეზღუდვა გარკვეულ არეალებში მოქმედებს (იხილეთ რუკა).
არის გამონაკლისებიც და ეს წესი არ ვრცელდება სპეცტექნიკაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებზე, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკაზე, ასევე, ტურისტულ სატრანსპორტო საშუალებებზე. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე.
აკრძალულ ზონაში, შეზღუდვის საათებში გადაადგილება 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ცნობისთვის, დიდგაბარიტიანი მანქანების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ მოქმედებს სადისტრიბუციო მანქანებზე, რომლებიც 1-ელ სექტემბრამდე საშეღავათო პერიოდი მოქმედებს.