შტატ კალიფორნიის ხელისუფლება მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ კომპანიებს სასამართლოში უჩივის. აშშ-ის ყველაზე მდიდარი შტატის მთავრობის შეფასებით, ნავთობის მწარმოებელ და გაზის მომპოვებელ კომპანიებს, საკუთარი ქმედებებით, წლების განმავლობაში, ბუნებრივი წიაღისეულის რისკების თაობაზე საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ, რითაც მოსახლეობას და ბუნებას ათობით მილიარდი დოლარს ზარალი მიადგა.
კალიფორნიის ხელისუფლების სარჩელი, რომელსაც სან-ფრანცისკოს უმაღლესი სასამართლო განიხილავს, კონკრეტულად, ხუთ კომპანიას ეხება, ესენია Exxon Mobil-ი, Shell-ი, BP-ი, ConocoPhillips-ი და Chevron-ი. სარჩელის შედეგად, კალიფორნიის მთავრობას სურს, კომპანიებს ფონდის შექმნა აიძულოს, რომლიდანაც, სამომავლოდ, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად მიყენებული ზარალი ანაზღაურდება.
ასეთი ტიპის სარჩელები ნავთობმომპოვებელი კომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ამ დრომდეც აღძრულა, მაგრამ კალიფორნიის მთავრობის მიერ დაწყებული დავა, ყველაზე მასშტაბურია. გარდა იმისა, რომ კალიფორნია ამერიკის უმდიდრესი და ყველაზე უხვმოსახლიანი შტატია, ის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიცაა მსოფლიოში. ამასთან, ისტორიულად, კალიფორნია ისეთი ტიპის შტატად ითვლება, რომელიც, იურიდიულად, სხვა შტატებს გზას უკვალავს.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, კალიფორნია ერთ-ერთი იმ შტატთაგანია, სადაც კლიმატის ცვლილების შედეგები ყველაზე მეტად იგრძნობა. სწორედ ამის მიზეზია კალიფორნიაში არსებული ექსტრემალური ტემპერატურა, ხშირი ხანძრები, წყალდიდობები, ზღვის დონის მატება და ტროპიკული შტორმები.
სასამართლოში შეტანილ სარჩელში, რომელშიც მოსარჩელედ შტატ კალიფორნიის მოსახლეობა არის მოხსენიებული, წერია, რომ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ნავთობმომპოვებელი კომპანიები და მათი მოკავშირეები გამიზნულად აუფასურებდნენ ბუნებრივი წიაღისეულის გავლენას საზოგადოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ, მოსარჩელეს თქმით, კომპანიებმა კარგად იცოდნენ, რომ მათი პროდუქტები პლანეტის გლობალურ დათბობას იწვევს. კალიფორნიის ხელისუფლება აღნიშნავს იმასაც, რომ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებში შედარებით მცირე მასშტაბის ინვესტიციების განხორციელებით, კომპანიებმა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს და პარალელურად ამისა, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან რეკორდულად მაღალი შემოსავლები და მოგება მიიღეს.
“ამ ადამიანებს ჰქონდათ ინფორმაცია, მაგრამ მოგვატყუეს, არადა შეგვეძლო, მნიშვნელოვანი ცვლილებები თავიდან აგვერიდებინა”, - განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა და დასძინა, რომ ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებსაც კალიფორნია დღეს განიცდის, 2040-2050-იან წლებში უნდა დამდგარიყო, მაგრამ კლიმატის ცვლილების გამო, პროცესი დაჩქარდა, რაც, გუბერნატორის შეფასებით, მოქმედებას მოითხოვს.