კანადა რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის კომპანიისთვის 26 მილიონი დოლარის ჩამორთმევას გეგმავს. Granite Capital Holdings-თვის თანხის ჩამორთმევა პირველი პრეცედენტი იქნება, როცა კანადის მთავრობა რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებს აქტივებს ჩამოართმევს.
“ჩელსის” ყოფილი მფლობელის კომპანიაზე საბოლოო გადაწყვეტილება კანადის სასამართლომ უნდა მიიღოს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადებით, თუ სასამართლო მთავრობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, შესაძლოა, თანხა უკრაინის რეკონსტრუქციას მოხმარდეს. ამ ნაბიჯით კანადა G7-ის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ჩამორთმეულ თანხას უკრაინის რეკონსტრუქციას მოახმარს.
შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე კანადამ რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესა. უშუალოდ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისა და მათი კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევის გადაწყვეტილება გაზაფხულზე მიიღეს, თუმცა ამ დრომდე კანადას ამ გადაწყვეტილების რეალობაში აღსრულება უჭირს.
ცნობისთვის, მილიარდერი რომან აბრამოვიჩი დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მარტში დაასანქცირა. სწორედ ამ ქვეყანაში რუს ოლიგარქს აქტივების დიდი ნაწილი ჰქონდა.