პარლამენტის ყოფილ წევრს, დავით ზურაბიშვილს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, საქართველო 15 დეკემბერს სტატუსს გარანტირებულად მიიღებს. მან ამ მოსაზრების გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, რაც მისი მოსაზრებით ადასტურებს, რომ ორ დღეში ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იზეიმებს.
"საქართველო კანდიდატის სტატუსს ყველა ვარიანტში მიიღებს, უფრო მნიშვნელოვანია ამ სტატუსის მერე რას ვიზამთ. ახლა რომ სტატუსს მივიღებთ, ეს მაშინ გადაწყდა, როცა ევროკომისიამ დადებითი დასკვნა დადო. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ შესაძლებლობის გაჩენა შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის დამსახურებაა. უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ დღის წესრიგში ევროკავშირის გაფართოების საკითხი დააყენა.
ასევე, როცა გერმანიის კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ "ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე" ჩვენი ამბავი მაშინ გადაწყდა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
მან ასევე ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკაზეც ისაუბრა. ანალიტიკოსის მოსაზრებით, ამ საკითხზე ხელისუფლებას ცვალებადი რეაქცია ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მიხვდნენ რომ სტატუსის მიღება, არა მარტო ქვეყნისთვის, მათთვისაც დადებით როლს ითამაშებდა, ამიტომ პოზიციები შეცვალეს.
„ხელისუფლება ისე იქნებოდა, რომ არ უნდოდა სტატუსი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ როცა დაინახეს ხალხის ნება და ახალგაზრდობის ძალა, განსაკუთრებით მარტის მოვლენები, როცა პირველად იყო ასეთი დონის და მასშტაბის პროტესტი, როცა ახალგაზრდობა იყო წამყვანი ძალა, ეს ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთის ქვეყნების სწორმა მუშაობამ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ისინი დაერწმუნებინათ, რომ არა მარტო ქვეყნისთვის, მათთვისაც ჯობია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ: 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მოლოდინია, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს, საქართველოს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.