მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება "დიახ" - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

6462054bc19c2
BM.GE
15.05.23 14:07
578
„მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

„ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციების და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე.“ - განაცხადა დანიის პირველმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი 14 მაისს ეწვია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ამასთან, დანიის პირველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

როგორია საქართველო-დანიის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები