პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილების, რომლითაც მეწარმეებს პოლიტიკური აქტივობა შეეზღუდათ და საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ, ლეგიტიმური მიზანი თვალსაჩინო არ არის - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში იურისტმა ირაკლი ჩომახაშვილმა ისაუბრა.
როგორც იურისტი განმარტავს, ნებისმიერი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებისას მთავარი ამოსავალი წერტილი კონკრეტული პრობლემის მოგვარებაა.
იურისტი ხაზს უსვამს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს "პოლიტიკური საქმიანობა" (რომელსაც ცალკე ორგანული კანონი არეგულირებს) და "პოლიტიკური აქტივობა" და ამ უკანასკნელს განმარტავს.
"როდესაც იურისტები განვიხილავთ, რატომ გახდა საჭირო კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, ჩვენ ამოვდივართ ყოველთვის იქიდან, რა ინტერესი შეიძლება არსებობდეს კონკრეტული სფეროს რეგულაციისთვის. არსებობდა თუ არა გარკვეული პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც გადაიდგა საკანონმდებლო ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნის გარეშე, ნებისმიერი შეზღუდვა შეზღუდვის დაწესებისას, ავტორმა განმარტებით ბარათში თუ საკომიტეტო მოსმენებზე უნდა დაასაბუთოს, რა პრობლემა არსებობს. დღეს ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო, რომ ბიზნესისთვის შეზღუდულიყო პოლიტიკური აქტივობა.
უნდა განვმარტოთ და გავმიჯნოთ პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკური აქტივობისგან. პოლიტიკური საქმიანობისთვის არის ცალკე ორგანული კანონი, რეგულირდება განსხვავებულად და რეგისტრაციას აქვს თავისი საფუძვლები. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსშიც, ორივეში მსგავსი შენიშვნა არის, რომ პოლიტიკურ აქტივობად ჩაითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ნებაზე, სახელმწიფოზე, ან სახელმწიფოს სტრუქტურებზე გავლენის მოხდენას", - ამბობს იურისტი.
კანონის ბუნდოვანებაზე საუბრისას ჩომახაშვილს საბანკო სექტორის მაგალითი მოჰყავს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი, სანქციების თავიდან არიდებასა და საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებაზე ისაუბრებს, ესეც შეიძლება სახელმწიფოზე ზემოქმედებად ჩაითვალოს.
"მაგალითად, ამ ბოლო პერიოდში სანქციების საკითხი აქტუალურად დგას სახელმწიფოს და მოქალაქეების წინაშე, მათ შორის საბანკო სექტორშიც. საბანკო სექტორმა რომ ამაზე ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთოს, არა საფინანსო კუთხით, არამედ ზოგადად, პოლიტიკური მიზნით, რომ სანქციები არის ძალიან ცუდი და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ისინი თავიდან აირიდოს, მათ შორის შეასრულოს სამართლიანი მოთხოვნები, რომელიც შეიძლება სხვადასხვა გაერთიანებებს დემოკრატიულად ჰქონდეთ ქვეყანაში, ესეც შეიძლება აღქმული იქნეს სახელმწიფოზე ზემოქმედებად.
ამიტომ ვფიქრობ ამ კანონთან დაკავშირებით, რომ ბუნდოვანება არსებობს. რა არის პოლიტიკური აქტივობა, შენიშვნაში ნათლად არ არის განმარტებული, და შესაძლებელს ხდის სასამართლო პრაქტიკის ძალიან ფართო ჩამოყალიბებას, პროცესი განჭვრეტადი არ არის. ჩვეულებრივმა მოქალაქემ ან ბიზნესმა შეიძლება ეს ვერ გაიგოს, იმიტომ რომ სპეციფიკური იურიდიული განმარტება არ აქვს. ბიზნესმა კი არა, შეიძლება, ჩვენც ვერ გავიგოთ რაღაც დონეზე, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ", - ამბობს ჩომახაშვილი.
ირაკლი ჩომახაშვილი ყურადღებას კანონის აღსრულების პრაქტიკულ აბსურდულობაზეც ამახვილებს და სვამს კითხვას - შეეხებათ თუ არა ეს შეზღუდვა იმ კომპანიებს, რომლებიც ხელისუფლების კურსს საჯაროდ აქებენ.
"ჩემი აზრით, ორგანულ კანონში ეს ცვლილებები არ შევა, რადგან ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციას ასევე მთავრობას, სჭირდება ბიზნესისგან შემოწირულობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საარჩევნო კამპანიას ვერ განახორციელებენ. ამიტომ ორმაგი საკითხია, ეს კანონი შეეხებათ თუ არა იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც აქებენ მოქმედ ხელისუფლებას.
წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ მოქალაქეებზე ზეგავლენის მოხდენა უნდა და აქებს ხელისუფლებას. ამის გამო შეიძლება გამოვიდეს ხელისუფლება და გითხრას, რომ შენ ნუ მაქებ და ზეგავლენას ნუ ახდენ საჯაროდ, იმიტომ რომ შენ ხარ იურიდიული პირი და ამის გამო შენ პასუხისმგებლობას დაგაკისრებო?! ამ პრეცედენტს არავინ არ ელის, რომ ვინმე დაისჯება", - ამბობს ჩომახაშვილი.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება. თუ თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ადმინისტრაციულ - 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებდა, კორექტირებული პროექტით, სასჯელი გამკაცრდა: ფიზიკურ პირებს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა, ხოლო იურიდიულ პირებს - ლიკვიდაცია ან დაჯარიმება ემუქრებათ.




























