მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის მიღებით მოგებული არავინ დარჩება - ზვიად ჭუმბურიძე "რუსულ კანონზე"

EUGBC

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია და არც მოქალაქეები მოგებული არ დარჩებიან.

ამის შესახებ ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელმა 9 ბიზნესგაერთიანებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც სწორედ „რუსულ კანონსა“ და მისი მიღების შემთხვევაში გამოწვეულ სავარაუდო პრობლემებზე ისაუბრა. ზვიად ჭუმბურიძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ძალისხმევაზეც ისაუბრა.

„არსებული უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, განვითარება და სრული ძალისხმევა მთლიანი საზოგადოების, რომ ჩვენ ამ რთულ ვითარებაში პოზიციები შევინარჩუნოთ და გავხსნათ მოლაპარაკებები წევრობაზე.

კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს. ის მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას და არავინ არ დარჩება მოგებული, არც ხელისუფლება, არც პოზიცია, არც ოპოზიცია და არც რიგითი მოქალაქე.

ჩვენ ყველა, მთელი ქვეყანა დავზარალდებით, რადგან მუდმივ მძიმე რეჟიმში უწევს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. რომ არ მოხდეს დაპირისპირება, პოლარიზაცია, მივმართეთ 17 აპრილის განცხადებით პარლამენტს, რომ ძალიან ყურადღებით აწონ-დაწონონ ის რისკები, რაც შეიძლება მოიტანოს ამ კანონის მიღებამ. კანონის მიღებამდე უკვე დაიძაბა სიტუაცია, კატასტროფულ სახეს იღებს პოლარიზაცია და ეს უნდა შეწყდეს“, - თქვა ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, მომიტინგეების უმეტესი წილი არის ახალი თაობა და ეს ძალიან გასაფრთხილებელია, რადგან 33 წლის განმავლობაში საქართველოში ასეთი არაფერი მომხდარა.

„რა სახის გამოსვლები არ გვინახავს, მაგრამ ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, აქამდე არ გვინახავს. გამჭვირვალობის მოწინააღმდეგე არავინაა. არსებობს უწყებები, რომლებსაც შეუძლიათ შეამოწმონ ყველაფერი. როგორმე უნდა მოვერიოთ პირად ამბიციებს და უნდა ვთქვათ, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული. ნურავინ ჩათვლის, რომ ეს ვინმეს დამარცხება იქნება. ჩვენ გვაქვს ერთი თემა - ქვეყნის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს უნდა დადგეს“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები