მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანონპროექტი ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება“ - ზამბახიძე “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

63fb9e1470dd1
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.23 23:11
913
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე პარლამენტში ინიცირებულ “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს აფასებს და აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.

ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენელი „მთავარ არხთან“ კანონპროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში დონორი ორგანიზაციები საქართველოში ბიზნეს სუბიექტებსა და თუ ორგანიზაციებს ფინანსურ მხარდაჭერას აღარ აღმოუჩენენ, რაც ქვეყანას და მის მოსახლეობას აზარალებს.

„ინიცირებული კანონი აბსოლუტურად მიუღებელია. ამის განვითარება თუ მოხდა ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგება. ამას როგორც დიდ გამოწვევას ისე ვუყურებ.

პირველ რიგში ძალიან მადლიერი ვარ დონორი ორგანიზაციების, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისთვის ასობით მილიონ ევროს თუ დოლარს დებენ, ისეთები როგორიც არიან შშმ პირები, მარტოხელა დედები, ქალთა უფლებების გაძლიერება და ბავშვთა უფლებების დაცვა, ფერმერები, რეგიონში მცხოვრები ადამიანები - ესენი ამ სიკეთეს ვეღარ მიიღებენ. როდესაც სახელმწიფოს არ ხელეწიფება ფინანსურად დაეხმაროს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, ამ დროს დონორები ფინანსურ ნაწილში შემოდიან, სახელმწიფოს უჭერენ მხარს და ქვეყანას ავითარებენ.

ინიცირებული კანონპროექტით ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება, გამოიწვევს უმუშერობას, რადგან ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ამ პროექტებს ახორციელებს და მათი თანამშრომლები სამსახურის გარეშე დარჩებიან. ასევე შეიქმნება რეპუტაციული პრობლემები, რადგან გაჭირდება იმის გარკვევა, რომელი ქვეყნის აგენტი ხარ. მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია 10 ევროპული ქვეყნიდან იღებს დაფინანსებას და გაჭირდება იმის გამოკვლევა რომელი ქვეყნის აგენტი ვარ.

აქ ერთი დიდი ფუნდამენტური პრობლემაც იქმნება, რომელიც ქვეყანაში დონორი ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეაჩერებს - ეს კანონთან კონფლიქტია. როდესაც შენ ნებაყოფლობით მიდიხარ და რეგისტრირდები როგორც უცხო ქვეყნის აგენტი ის ქვეყანა, თავისი ქვეყნის აგენტად არ მოგიაზრებს და განგიხილავს, როგორც ფინანსური მხარდაჭერის გამომხატველ და აღმასრულებელ ორგანიზაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შენ არ გაღიარებს, ამ დროს შენ დეკლარირდები როგორც აგენტი და უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხის განმკარგავი, რაც იმას გამოიწვევს, რომ დონორი ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ დააფინანსებენ“, - განმარტა ნინო ზამბახიძემ.

მისივე ინფორმაციით, დონორი ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობით და მათ შორის სახელმწიფოს თანამონაწილეობით ასობით ფერმერის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. „ეს კანონპრექტი მათ სამომავლო განვითარებას შეაფერხებს და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება“, - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები