საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ისაუბრა. მან ის ეტაპები ჩამოთვალა, რომელსაც ასოციაცია დონორთან ერთად გადის.
ნინო ზამბახიძის თქმით, მას ისევე, როგორც სხვებს არ აქვს პრობლემა გახდეს უფრო გამჭვირვალე, მაგრამ თვლის, რომ აქ მთავარია იარლიყი. „ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა და მე ვერ ამოვხსენი, რა არის ამ კანონის მიზანი“, - ამბობს იგი.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს ის საკითხი არ არის, რაზეც მმართველი ძალის მიერ აქცენტი უნდა კეთდებოდეს.
„ჩემ ქვეყანაში, როდესაც საწარმოს ვაკეთებ, რომელიც თუნდაც საფრანგეთს მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, არ ვთვლი, რომ მე საფრანგეთის ინტერესებს ვატარებ საქართველოში, ანუ რას ემსახურება საფრანგეთის ინტერესები საქართველოში, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას და ამ ხარისხიანი პროდუქტით ჩვენი მოსახლეობის გამოკვებას, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს? - ანუ ამას ვგულისხმობთ? ეს საფრანგეთის ინტერესია თუ ჩემი, როგორც საქართველოში მცხოვრები ადამიანის, როგორსაც შემიძლია ხარისხიანი პროდუქტი ვაწარმოო. შეგვიძლია ჩვენ სხვადასხვა საკითხებზე ვიმსჯელოთ, რა არის კარგი და ცუდი, მაგრამ მე პირადად ჩემი გუნდის სახელით ვამბობ, რომ ეს ის არ არის, რაზეც ჩვენ ახლა უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს. მე აბსოლუტურად მომხრე ვარ გამჭვირვალობის, რა გვაქვს დასამალი. პირიქით, რაც უფრო გამჭვირვალე ვიქნებით და უფრო მეტ ხალხს ექნება ინფორმაცია, რას ვაკეთებთ ეს გამოგვადგება და გაგვაძლიერებს და ასევე მოქალაქეებისთვის იქნება ძალიან საინტერესო. როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, თანამოაზრეებთან მივედით და ფინანსური მხარდაჭერა ვთხოვეთ, - ჩვენ მოვედით, ისინი არ მოსულან, მივედით, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დაგვეყენებინა. ის, რომ ეს ორმხრივი შეთანხმებაა იმით დასტურდება, რომ როდესაც დონორი ორგანიზაცია გვაძლევს პროექტს ის დღგ-სგან განთავისუფლებულია. ანუ სახელმწიფოები თანხმდებიან რომ დღგ-სგან გაათავისუფლონ ეს პროექტი, რომლის სტატუსსაც ჩვენ გვაძლევს შემოსავლების სამსახური. ანუ იციან რომელ დონორზეა საუბარი და რა თანხაზე.
ძალიან ბევრი სტერეოტიპია და განვმარტავ ეტაპებს, რომელსაც ჩვენ დონორთან ერთად გავდივართ:
- სახელმწიფომ იცის რომელი დონორისგან რა პროექტი მოდის და რა თანხა;
- როდესაც ანგარიშს ხსნი კონკრეტული პროექტისთვის, ბანკი გთხოვს ხელშეკრულებას, რომ თანხის წარმოშობა იცოდეს, საიდან არის, რომ ეს არ არის შავი ფული და ა.შ - ამის ჩამონათვალია, რას უნდა აკმაყოფილებდეს და მიკვლევადი რომ უნდა იყოს ეს თანხა;
- ანგარიშის გახსნამდე დონორები ჩამოდიან საქართველოში და როდესაც საუბარი მიდის კონკრეტულ სოფლის მეურნეობის პროექტზე ისინი პირველ რიგში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხვდებიან. ასევე ხვდებიან ბიზნესებს, არასამთავრობოებს და ა.შ;
- არსებული სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის საფუძველზე რომელიც ასევე დონორების მხარდაჭერით არის შექმნილი თანხმდებიან, რომ რომელიღაცა კონკრეტულ პროექტს, რეგიონს მოარგებენ - იქნება ეს მეცხოველეობის განვითარება, მეფუტკრეობა თუ ა.შ შესაბამისად სახელმწიფომ იცის, რომ ეს დონორი გეგმავს ამ რეგიონში ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებას;
- ამის შემდეგ დონორი ღია კონკურსს აცხადებს სადაც გარკვეული კრიტერიუმებია, სადაც ნებისმიერ იურიდიულ პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს და ღია კონკურსში შეიტანოს განაცხადი. აქაც რამდენიმე ეტაპია:
პირველია, კონცეპტი;
ბიზნეს გეგმის წარდგენა;
დეტალურად გაწერილი ბიუჯეტით; - ამის შემდეგ დონორი გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც საჯაროდ აქვეყნებს;
- ამის შემდეგ ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ შემოსავლების სამსახურთან და ვაბარებთ დეკლარაციას, ამის შემდეგ ვალდებულები ვართ, saras.gov.ge - არის ასეთი ბუღალტრული აღრიცხვის და მართვის ზედამხედველობის სამსახური და ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ვტვირთავთ იქ;
- გვაქვს ორჯერ შემოწმება, ეს არის შიდა და გარე აუდიტორი. გარე აუდიტორია მოწვეულია დონორის მიერ და არის ჩვენი შიდა აუდიტი ორგანიზაციული აუდიტი, სადაც ყველაფრის აუდირება ხდება;
- შემდეგ ეს პროექტი გადაეცემა დონორს თავისი დეტალური ხარჯვითი ნაწილით, რა და როგორ გაკეთდა და ასე ხდება წარდგენა;
- ამას პლუს ჩვენ გვაქვს კანონი გრანტის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და რომელიც "ეუთო"-ს პრინციპებს ეფუძნება;
ვფიქრობ რომ ჩვენ ვართ საკმაოდ გამჭვირვალე, არ ვიცი რა შეიძლება იყოს უფრო მეტი გამჭვირვალობა, მაგრამ თუ მეტი გამჭირვალობა შესაძლებელია მზად ვართ. მაგრამ, მე ვერ ამოვხსენი, რა არის ამ კანონის მიზანი. ჩემთვის ეს იარლიყი, როგორც ერთ-ერთი პატრიოტი ადამიანისთვის, მიუღებელია, რადგან არ ვთვლი, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ვემსახურები.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ რაიმე სახის პროექტს ვახორციელებთ, პირველი მივდივართ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა", - ამბობს ნინო ზამბახიძე.