მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტით, გადასახადებზე თავის არიდების სისხლის სამართლებრივი ზღვარი, შესაძლოა, ₾150 000-მდე გაიზარდოს

ფინანსები

საქართველოში გადასახადების თავის არიდების სისხლის სამართლებრივი წარმოების დაწყების ზღვარი, შესაძლოა, გაიზარდოს. ამას ითვალისწინებს პარტია ევროოპტიმისტების მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი.

მოქმედი კანონმდებლობით გადასახადებზე თავის არიდების სისხლის სამართლებრივი წარმოება 100,000 ლარზე დიდი მოცულობის ზიანის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, "ევროოპტიმისტების" ინიციატივით, ეს ზღვარი 150,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

დაანონსებულ ცვლილებაზე გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში დეპუტატმა რომან გოცირიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 100,000 ლარის ზღვარი 2017 წელს განისაზღვრა და მას შემდეგ ქვეყანაში ფასების საერთო დონე 39%-ით გაიზარდა, რაც ამ ზღვარის გადახედვის საჭიროებას ქმნის. თავად 100,000 ლარის ზღვარის დაწესებამდე წლების განმავლობაში საგადასახადო დავებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 50,000 ლარზე უფრო დიდი მოცულობის გადასახადების თავიდან არიდების შემთხვევაში დგებოდა. სწორედ ამ ნორმის შესაცვლელად 2017 წელს რომან გოცირიძემ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო უმრავლესობამ ჩააგდო, თუმცა ჩაგდებიდან ორ თვეში ანალოგიური ინიციატივა პარლამენტში მთავრობამ შეიტანა და გადასახადებისგან თავის არიდების ზღვარი ₾100,000-მდე გაზარდა.

ფრაქცია ევროოპტიმისტების ინიციატივით, კანონმდებლობაში შემდეგი ცვლილებები უნდა შევიდეს :

ბ) კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსშიც. 100 000-ლარიანი ზღვარი, რომელზე მეტი ოდენობით პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება მიიჩნევა გადასახადისთვის თავის არიდებად და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, გაიზრდება და გახდება 150 000 ლარის ტოლი.

გ) საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ასევე შეიცვლება სისხლის სამართლის კოდექსში გადასახადისათვის თავის არიდების, როგორც დანაშაულის შემადგენლობის კრიტერიუმები და პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 150 000 ლარზე მეტი ოდენობის მქონე გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარიანი ზღვრისა. აღსანიშნავია, რომ ამ ზღვრის ამოქმედების შემდგომ ფასები 39%-ით გაიზარდა დღევანდელთან შედარებით, რაც საჭიროებს ნორმის საკანონმდებლო კორექციას. 150 000 ლარის ქვემოთ არსებული გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში, პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება, თუმცა მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები