მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონს გამჭვირვალობასთან კავშირი არ აქვს, ეს გზა საბოლოოდ რუსეთამდე მიგვიყვანს - ლალაზაშვილი "რუსულ კანონზე"

ზურაბ ლალაზაშვილი

BDO-ს მმართველი პარტნიორის, ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, ე.წ. რუსულ კანონს გამჭვირვალობასთან კავშირი არ აქვს და ის არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლისკენაა მიმართული.

მისივე თქმით, თუკი მთავრობას რეალურად სურდა მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ეს მოქმედ კანონმდებლობაში მცირე ცვლილების შეტანითაც იყო შესაძლებელი.

როგორც ზურაბ ლალაზაშვილმა BMG-ს განუცხადა, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„კანონი წაკითხული, გარჩეული მაქვს და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არაა გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონი, რაზეც აქცენტი კეთდება. გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ძალიან მარტივად შეიძლება. მაგალითად, შევიტანოთ ცვლილება ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების კანონში და არასამეწარმეო იურიდიული პირები დავავალდებულოთ ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნონ. გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ერთი პატარა ცვლილებით შეიძლებოდა და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. აქ უფრო მეტად საუბარია გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლზე, გაჩუმებაზე და მათ მტრად შერისხვაზე. ძალიან ცუდად წარმოვაჩინეთ ჩვენ თვითონ დონორები. რეალურად, ძალიან ბევრი ორგანიზაცია მუშაობს მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე, იქნება ეს კულტურა, სპორტი, მაღალმთიანი რეგიონები, მეწარმეები თუ სტარტაპერები.

ისე გამოდის, თითქოს დღეს ქვეყნისთვის გამჭვირვალობის კანონის მიღება ყველაზე მნიშვნელოვანია. რეალურად კი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ევროპული არჩევანი და გზა. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპას დაგვაშორებს და საზოგადოებას გახლეჩს, ეს ცალსახად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.

როდესაც აღარ გვეყოლება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ერთადერთი ვის ხელშიც აღმოვჩნდებით, ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გზა საბოლოო ჯამში რუსეთამდე მიგვიყვანს. აქ მხოლოდ ამ კანონს არ ვგულისხმობ, ესაა ის განცხადებები, რიტორიკა, დამოკიდებულება და შეურაცხყოფა, რაც გვესმის, დონორების მტრად გამოცხადება და ა.შ.“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "რუსულ კანონს" მესამე მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავს. „ოცნების“ მიერ გამჭვირვალობის სახელით ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები