მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის მიღების პირობებში საქართველოსთვის სანქციები გარდაუვალია - ზვიად სხვიტარიძე

სხვიტარიძე

ექსპერტი ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი გუნდი ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, მოსალოდნელია, რომ დასავლეთმა საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სანქციები გამოიყენოს.

როგორც ზვიად სხვიტარიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, არადემოკრატიული პროცესების განვითარების ფონზე, დასავლეთმა სანქციების მექანიზმი არაერთი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენა და მსგავსი რისკი საქართველოს შემთხვევაშიც არსებობს.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ხელახლა ინიცირებული ე.წ. რუსული კანონის რეალური მიზანი გამჭვირვალობა არაა და ამაზე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში განვითარებული პროცესებიც მიუთითებს.

“საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ დასავლეთის ყველა ლიდერის ნეგატიური შეფასებები და სამწუხაროდ, ამ კანონის მიღების პირობებში სანქციები გარდაუვალია. ვიცით რამდენიმე ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დღემდე მოქმედებს. მაგალითად, ვენესუელა, რომლის მდგომარეობაც სიტუაციურად საქართველოს ჰგავს. ვენესუელაში ორი ჯგუფის მიმართ დაწესდა სანქციები, როგორც თანამდებობის პირების, ასევე კომპანიების მიმართ. ასევე ქვეყნის სანქცირება მოხდა. მსგავსი სცენარი არც საქართველოს შემთხვევაშია გამორიცხული და ბუნებრივია, ეს ძალიან რთული იქნება ქვეყნისთვის.

მთელი მსოფლიო შეთანხმებულია იმაზე, რომ ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წელს გამოგონებული იქნა პუტინის მიერ სპეციალურად მესამე სექტორის კონტროლისათვის. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ მსგავს პირებს საარჩევნო უფლებაც წაერთვათ. ყველას გვესმის, რომ ეს კანონი საქართველოს შემთხვევაშიც ამ მიზნისთვისაა განკუთვნილი“, - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "რუსულ კანონს" მესამე მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავს. „ოცნების“ მიერ გამჭვირვალობის სახელით ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები