მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ "რუსულ კანონს" მიიღებენ, უცხოურ ინვესტიციებზე საუბარი ზედმეტი იქნება - ზვიად სხვიტარიძე

ზვიად სხვიტარიძე

ექსპერტი ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ უცხოელი ინვესტორების დამოკიდებულება ე.წ. რუსულ კანონთან და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებით ნეგატიურია.

როგორც ზვიად სხვიტარიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, თუკი „ქართული ოცნება“ მაინც მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მოსალოდნელია, რომ ინვესტორების ნაწილი საქართველოში ინვესტირებაზე უარს იტყვის.

მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი კომპანიების ნაწილი საკუთარი ბიზნეს გეგმების გადახედვას უკვე გეგმავს და კანონის მიღების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, კონკრეტული საინვესტიციო პროექტები შეჩერდეს.

„საქართველოში რუსულ კანონთან დაკავშირებულ პროცესებს აქტიურად აკვირდებიან ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები და, რა თქმა უნდა, მათი განწყობა ნეგატიურია და ეს უარყოფითი განწყობა სამწუხაროდ, სულ უფრო ძლიერდება. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების, ევროპის, აშშ-ს ნეგატიური შეფასებები, მას შორის ის, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მიმართ სანქციები დაწესდეს. ბუნებრივია, ამ პროცესებს ინვესტორები აკვირდებიან.

თუკი ხელისუფლება ამ კანონს მიიღებს და მასთან დაკავშირებული ნეგატიური ეფექტები დადგება, ამ პირობებში უცხოურ ინვესტიციებსა და პროექტების განხორციელებაზე საუბარი ზედმეტი იქნება. ის კომპანიებიც, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, უკვე საუბრობენ სხვადასხვა პროექტების დაპაუზებაზე“, - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "რუსულ კანონს" მესამე მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავს. „ოცნების“ მიერ გამჭვირვალობის სახელით ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები