გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან გაიქცა. მისი სახელი პროკურატურამ ინტერპოლს გადასცა და წითელი ცირკულარით მისი ძებნა მოითხოვა. ბაჩიაშვილს დაუსწრებლად შეუფარდეს 11-წლიანი პატიმრობა და ბოლო სასამართლო სხდომაზე, არ მისცეს უფლება, ონლაინ საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლებით ესარგებლა. “ანალიტიკა”–მ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ჩაწერა.
- გქონდათ იმედი, რომ გიორგი ბაჩიაშვილი შეძლებდა საქართველოში სასამართლო დავის მოგებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ?
- არა. ასეთი იმედი არასდროს მქონია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეეცადო სასამართლოს წარუდგინო ფაქტები. რა თქმა უნდა, ეს იყო დადგმული შოუ. ჩვენთვის, ვინც ვიცნობთ საბჭოთა სისტემას, ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია. კარგად ვიცით, როგორ გამოიყურება დადგმული სასამართლო შოუ. თუმცა ეს მაინც უნიკალური შემთხვევაა, რადგან სტალინის მიერ დადგმული სასამართლო შოუებისგან განსხვავებით, ეს შოუ ემსახურებოდა ფინანსური სარგებლის მოტანას ბატონი ივანიშვილისთვის. ეს მსოფლიოს პირველი კლეპტოკრატიული სასამართლო შოუა. შესაძლოა, ისტორიაც კი შეიქმნა იმ პრეცედენტით, რომ ბატონი ივანიშვილი ცდილობდა ფული მოეპარა ჩემი კლიენტისგან და ამისთვის სასამართლო გამოიყენა. ეს იყო სასამართლოს გზით გამოძალვის მაგალითი, რომელიც შეასრულა კორუმპირებულმა მოსამართლემ, რომელიც უკვე სანქცირებულია ესტონეთის მიერ და წარმოადგენს სასამართლო სისტემას, რომლის პირველი პირებიც უკვე სანქცირებულები არიან შეერთებული შტატების მიერ. ეს სასამართლო სისტემა არა მხოლოდ ფინანსურად არის კორუმპირებული, არამედ მორალურადაც. ქართული სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღიარებული, არსად. სამარცხვინოა, რაც ამ სისტემაში ხდება. გუშინ კიდევ ერთი ბიზნესმენი დააპატიმრეს. შეხედეთ, რა ხდება საქართველოში აქციებში მონაწილეებთან მიმართებით, არჩევნების გაყალბებასთან მიმართებით – ადამიანის უფლებების დარღვევების კასკადია.
- რა არის შემდეგი ნაბიჯები ბაჩიაშვილის საქმეში – რას აპირებთ უკვე ახლა?
- გვიყურეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასანქცირდნენ ის პირები, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული. ყველაფერს გავაკეთებთ კორუმპირებული მოსამართლეების მხილებისთვის; ყველაფერს გავაკეთებთ ბატონი ივანიშვილის დამარცხებისთვის. კარგად დაგვაკვირდით. ჩვენს ყველა გეგმას ახლა არ გავამჟღავნებთ – რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ; რა თქმა უნდა, მივმართავთ სტრასბურგს. მაგრამ ამაზე მეტსაც გავაკეთებთ – ბატონ ივანიშვილს ეს ამბავი არ გაუვა. 11-წლიანი პატიმრობა – ეს ივანიშვილის ბრძანება იყო, ეს არ ყოფილა მოსამართლის გადაწყვეტილება – კარგად ასახავს ამ ადამიანის სისასტიკეს იმ სურვილთან ერთად, რომ სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია თავის ნებას ძალისმიერად დაუმორჩილოს. ეს ყველაფერი მისი გაუმაძღრობის და პარანოიის სამარცხვინო გამოვლინებაა.
- რა შანსი აქვს ბაჩიაშვილს სტრასბურგის სასამართლოში?
- ვიტყვი იმას, რომ სამართლიან სასამართლოში მოგების ძალიან მაღალი შანსი გვაქვს. ჯერ არ წარვმდგარვართ ისეთი სასამართლოს წინაშე, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს ეს შესაძლებლობა.
- ბაჩიაშვილს მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა დარჩენილი – საქართველოდან გაქცევა?
- მე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ, გარდა ერთისა – მადლობა ღმერთს! 11-წლიანი პატიმრობის შეფარდება მაშინ, როცა მოსამართლის წინაშე იყო ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც სრულად ეწინააღმდეგებოდა უსამართლო ჩვენებას – ვერ წარმომიდგენია, ამ მოსამართლეს ღამით როგორ სძინავს.
- ეს გაქცევა თქვენთვის სიურპრიზი იყო?
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ თემებზე კომენტარს არ გავაკეთებ.
- მაშინ ცოტა სხვაგვარად დაგისვამთ შეკითხვას: ამ გაქცევით ბაჩიაშვილმა შეარყია მითი ივანიშვილის უძლეველობაზე და მის მიერ მთელი სისტემის უპირობო კონტროლზე?
- რა თქმა უნდა. ივანიშვილი ზუსტად ისე გამოიყურება, რაც არის – ავტოკრატიული, კლეპტოკრატიული ჩრდილოვანი მმართველი.
- პროკურატურამ უკვე მიმართა ინტერპოლს და ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნა მოითხოვა – რა სტრატეგიას ირჩევთ ამ მიმართულებით?
- ინტერპოლი ამ საქმეში არ გამოდგება. ეს საქმე ჩემი პროფესიაა – ინტერპოლს თავისი პირობები აქვს: ისინი ხელს არ ჰკიდებენ პოლიტიკური დევნის საქმეებს; ისინი არ ეხმარებიან ისეთ სასამართლო სისტემებს, რომლებიც კორუმპირებულია. ინტერპოლზე არ ვღელავ.
- ფიქრობდით, რომ მტკვარი ჰესის საქმე წამოტივტივდებოდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ?
- ეს ყველაფერი ერთი ადამიანის სცენარის მიხედვით ვითარდება. არაფრის განჭვრეტა არ არის შესაძლებელი. ამ საქმეს კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობასთან. ჩვენ ყველას გვიწევს რეაგირება არარაციონალური კაცის ქცევაზე, რომელიც აშკარად პარანოიდული ილუზიით გამოირჩევა.
- ეს ართულებს თქვენს საქმეს?
- რა თქმა უნდა. როცა საქმე გაქვს ადამიანთან, რომელიც არ ოპერირებს ლოგიკის რაიმე წესების მიხედვით, რაიმეს წინასწარ განჭვრეტა, ძალიან რთულდება.
- ივანიშვილის[E1] ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა თქვენს შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. მინდა, წაგიკითხოთ ერთი ამონარიდი: „ეს ხელწერა, რაც ამსტერდამმა ბაჩიაშვილის ქეისით აჩვენა, არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს გლობალური ომის პარტია (დიფ სთეითი ) საკუთარი ჯაშუშური ქსელის მეშვეობით. ამ შემთხვევაში მათი დაქვემდებარებული ჯაშუში ბაჩიაშვილი აიძულეს შემოსულიყო პოლიტიკაში და ებრძოლა ბიძინა ივანიშვილის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანი ხომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური ხელისუფლების ხელში აღება და შემდეგ ჯაშუშების მეშვეობით მისი მართვაა“ – გრძნობთ ამდენად ძლევამოსილად თავს?
- მეცინება. მე აკრძალული ვარ მსოფლიოს 7 ქვეყანაში იმისთვის, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ალბათ, კარგა ხანს შევიკავებ თავს საქართველოში მოგზაურობისგან. ხალხმა უნდა გაიაზროს რა არის დიფ სთეითი. რამდენიმე ქვეყანასთან მიმუშავია, რომლებიც აღიარებენ დიფ სთეითის არსებობას – მე არ მჯერა ამ ცნების – ხშირად მადანაშაულებენ ამაში – რუსეთში ვარ სანქცირებული, ამერიკაშიც მკაცრად მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ვიცავდი.
- ამდენად, თქვენს შესახებ ასეთი ანალიზი, თქვენთვის ახალი არ არის?
- არა, რა თქმა უნდა. როცა ისეთ საქმეებს ჰკიდებ ხელს, როგორიცაა, მაგალითად, ხადარკოვსკის დაცვა; ან იცავ ქრისტეს შვილებს უკრაინაში, რომელსაც თავიანთივე სახელმწიფო დევნის; ამ ტიპის შემთხვევით, სულელურ თავდასხმებს ეჩვევი.
- მაგრამ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილიც იზიარებს თქვენზე ამ შეხედულებას?
- მისი აპრილის განცხადება ძალიან ყურადღებით წავიკითხე. შეშლილი ადამიანის ბოდვას ჰგავს. ძალიან რთულია, რაიმე ნაწილში დაიჭირო რაიმე სანდოობა. მიმაჩნია, რომ ტრაგედიაა, რომ ის მხოლოდ საკუთარ პირად ინტერესს ცნობს, პოლიტიკაშიც კი – გაბრაზებული კაცია, რომელიც ყველას ფულს დასდევს. მე რომ ახლა საქართველოში ვცხოვრობდე, შევეცდებოდი, ჩემი საფულე დამელუქა იმიტომ, რომ ამ კაცის სიხარბეს საზღვრები არ აქვს.
- ბაჩიაშვილს უნდოდა სასამართლო სხდომაზე ონლაინ მონაწილეობის მიღება და საბოლოო სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ მისმა ადვოკატმა უარი მიიღო – ლოგიკურია ეს უარი?
- ეს უარი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლს. მარტო ეს შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ გადაწყვეტილება ნაგავში მოვისროლოთ. მოსამართლეს არ შეუწუხებია თავი, გაცნობოდა კანონს.
- იცით, რის ხაზგასმა უნდოდა ბაჩიაშვილს თავის საბოლოო სიტყვაში?
- დიახ. საკუთარი უდანაშაულობის. იმ ფაქტის, რომ სამხილები არაფრით არ განამტკიცებდა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს. იმ ფაქტის, რომ მთელი 8 წლის განმავლობაში ამ საქმით არავინ დაინტერესებულა. უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო. მაგალითად, ის, რომ ადამიანებს, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, არანაირი სანდოობა არ ჰქონდათ და მათი მოტივები იყო სრულად მიკერძოებული; მაგალითად, ის რომ ბანკში სესხი სრულად დაიფარა. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერ მოსამართლეს კორუმპირებულსაც კი მსგავსი გადაწყვეტილება გამოეტანა. მე ვპირდები საქართველოს, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია აღდგება, აღარავის აღარ შეეხება ასეთი პოლიტიკური საქმეები და რომ ახალგაზრდა ადამიანებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს, როგორიც ბაჩიაშვილია, აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა, პირიქით, მათ ხელგაშლილები დახვდებიან თავიანთ სამშობლოში იმისთვის, რომ უკეთესი საქართველო აშენონ.
- მე მქონდა ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილთან. მას მიაჩნდა, რომ ახალი ბრალდებებიც არ იყო გამორიცხული მის წინააღმდეგ. განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ ივანიშვილი უკმაყოფილო იყო თანაინვესტირების ფონდის გამართული სტრუქტურით, რაც მას არ აძლევდა აქტივების თავის ნებაზე გადატანა–გადმოტანას, გარკვეული პროცედურების გავლის გარეშე – თქვენც ფიქრობთ, რომ ეს ან სხვა საქმეები შეიძლება კიდევ წამოტივტივდეს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ?
- კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ივანიშვილის წარმოსახვას არ აქვს საზღვრები და ამიტომ არ ვაპირებ, ვიმარჩიელო კიდევ რა ტიპის უკანონო აქტივობებში შეიძლება ჩაერთოს ბატონი ივანიშვილი. ის ცალსახად არ მოქმედებს კანონის შესაბამისად, ის არ მოქმედებს მორალის შესაბამისად, მას ნამდვილად არ აკავებს ეთიკა – რთულია ასეთი ტიპის მოცემულობასთან გამკლავება. ის არა მხოლოდ სრულად არაპროგნოზირებადია, არამედ – მისი განცხადებების წაკითხვის შემდეგ, რწმუნდები, რომ მათ შინაგანი ლოგიკა აკლიათ. რაც უნდა თქვათ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩზე – როცა მის განცხადებებს ვკითხულობ – და ამ ადამიანმაც გამაგდო ქვეყნიდან – ბატონი პუტინის შემთხვევაში, რაღაც შინაგანი ლოგიკა არსებობს, რასაც ამბობს იმასთან დაკავშირებით. ივანიშვილის შემთხვევაში, არანაირი ლოგიკა არ არსებობს. ბაჩიაშვილის საქმეში კი მხოლოდ ბრაზი, შურისძიებაა და ერთი მცდელობაც კი არ არის, საქმის დასაბუთების.
- ფიქრობთ, რომ საქართველოშიც აგკრძალავენ?
- თბილისში ჩემი ტურისტული ფულის დახარჯვას არ ვჩქარობ. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს საქართველო, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში – დაბრუნებას ამ ეტაპზე არ ვჩქარობ.
- როგორც გავიგეთ, ბაჩიაშვილი ივანიშვილთან საუბრებს მობილურზე იწერდა ხოლმე. აქვს იმ წონის ჩანაწერები, რაც შეიძლება გამოიყენოს, მაგალითად, საერთაშორისო დონეზე, ივანიშვილის დამატებით სანქცირებისთვის? თქვენც აღნიშნეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ყველაფერს გააკეთებთ სამართლიანობის აღსადგენად.
- როგორც ქართველების უმრავლესობა, ჩვენც შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ივანიშვილის დასჯაში. ამაზე მეტ კომენტარს, განსაკუთრებით, რა ტიპის მტკიცებულებებს ფლობს თუ არ ფლობს ჩემი კლიენტი, არ გავაკეთებ. ჩემი ერთადერთი და გულწრფელი კომენტარი ეს არის – კარგად დაგვაკვირდით – არა რას ვიტყვით, არამედ რას გავაკეთებთ. მე არ მჯერა დაშინების. მე მჯერა გადადგმული ნაბიჯების. ვფიქრობ, ივანიშვილმა საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ბოლომდე დასაგმობმა პიროვნებამ. იმის გასააზრებლად, თუ რამდენი გააკეთა ბაჩიაშვილმა საქართველოსთვის მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ ივანიშვილის გვერდით იდგა, როცა მას იმ დანაშაულის გამოვლენაში დაეხმარა, რაც ნამდვილად ჩაიდინეს ივანიშვილის წინააღმდეგ – დიდ საბანკო საქმეს ვგულისხმობ – აქედან გამომდინარეც, წარმოუდგენელია, რომ ივანიშვილმა ეს ყველაფერი შემდეგ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ შემოაბრუნა.
- ბაჩიაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებს?
- არ გავაკეთებ კომენტარს. ეს არ არის ჩემი სასაუბრო თემა.
- ჩემი ბოლო შეკითხვა – და მადლობა თქვენი დროისთვის – რატომ დუმს ბიზნესი, განსაკუთრებით, მსხვილი ბიზნესი?
ეშინიათ. არავის მოვუწოდებ, მხარდაჭერისკენ. სრულად ვიაზრებ, რომ კანონის უზენაესობა არ არსებობს. ადამიანებმა საკუთარი თავი უნდა დაიცვან. დარწმუნებული ვარ, გიორგიც იზიარებს ჩემს დამოკიდებულებას – ადამიანებმა საკუთარ თავს უნდა მიხედონ. ვლოცულობ, ქართველი ხალხისთვის ამ ძალიან მძიმე ჟამს საქართველოს ისტორიაში.