„კარგი იქნება თუ ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური 1000 ლარიანი ზედა ზღვარი ყოველწლიურად დაექვემდებარება ინდექსაციას ისევე, როგორც ეს ხდება ყველა პენსიონერთათვის,“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ინდექსაციის შემთხვევაში ავტომატურად მოხდება პენსიის ზრდა.
მომხსენებლმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ცვლილებები ინდექსაციასთან დაკავშირებით.
ცვლილებების თანახმად, მთავრობის ინიციატივით შემოთავაზებულია, რომ 560-ლარიანი შეზღუდვა გაიზარდოს 1000 ლარამდე, ხოლო ადამიანებს, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, მათთვის ზედა ზღვარი გაიზარდოს 1200 ლარამდე.




























