საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე დარწმუნებულია, რომ ქართული კომერციული ბანკები საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს არ გადაუხვევენ და სანქციებს აღასრულებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მათ ეროვნული ბანკის მიერ განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელიც აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისა და რამდენიმე მოქალაქისთვის საფინანსო სანქციების ბანკების მიერ აღსრულებას შეეხებოდა.
გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სექტორზე რაიმე მითითებების ან რეკომენდაციის გაცემის ბერკეტი არ აქვს, შესაბამისად, განცხადება, რომელიც მარეგულირებელმა გააკეთა, საჭიროებს თავად სებ-ის იურისტების განმარტებას.
„მე ვიცი, რომ საქართველოს კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ შესაბამისი სანქციების აღსრულებას - ეს განცხადება გუშინ საბანკო ასოციაციამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას. ეროვნული ბანკის იურიდიულ საფუძვლებზე მე ნუ მკითხავთ. საქართველოს კანონმდებლობა გაწერილია. კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკის იურისტებს მივმართავთ და დეტალურად აგიხსნიან რა შემთხვევაში, როგორ იმუშავებენ კომერციული ბანკები.
დარწმუნებული ვარ, ბანკები არ გადაუხვევენ იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისოდ აქვთ აღებული, ამავდროულად ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობის დაცვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და ჟურნალისტების ჩაკითხვაზე ირღვევა თუ არა სებ-ის ამ განცხადებით საქართველოს კანონმდებლობა, განაცხადა: „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე მაღლა დგას საქართველოს კანონი, რომლის მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია და ამიტომ იურიდიულ ნაწილში ნუ შეგყავართ საუბარში რომელი უფრო მაღლა დგას“.
აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესა. საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს ნათია თურნავას მიერ გასულ წელს მიღებული საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება.