მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი სეზონია“ - საიდან სტუმრობენ "ფოსტას" და რა ეტაპზეა დამწვარი შენობის აღდგენა?

სასტუმრო ფოსტა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. როგორც სასტუმროს მენეჯერმა გვანცა ფალიანმა BM.GE-სთან განაცხადა, ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, სასტუმრო 80%-ით იყო დატვირთული.

მისივე თქმით, სასტუმროში ფასები არ შეცვლილა და წინა წილის ანალოგიურია. ქართველ დამსვენებლებთან ერთად, სასტუმროს უცხოელებიც სტუმრობენ.

„კარგი სეზონია, 80%-იანი დატვირთულობა იყო ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. რაც შეეხება დამსვენებლებს, აგვისტოში ძირითადად ქართველი დამსვენებლები გვყავდნენ. უცხოელი ტურისტების რაოდენობაც ასე თუ ისე კარგია - იყვნენ კორეიდან, ისრაელიდან, ახლა შვედები გვყავს. ხანგრძლივი, ერთკვირიანი ჯავშნებიც არის, მაგრამ უმეტესობა 2-დღიანია“,- აღნიშნა გვანცა ფალიანმა.

რაც შეეხება ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინებს, სასტუმროს ჯავშნები უკვე მიღებული აქვს, თუმცა მენეჯერს უჭირს წინასწარ შეფასება, თუ რამდენად სტაბილური იქნება სეზონი.

„დღეის მდგომარეობით, თებერვლის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე თითქმის 50%-ით არის შევსებული. გუშინაც მივიღეთ ზამთრის ჯავშნები. თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვით, რამდენად სტაბილური იქნება“, - განაცხადა გვანცა ფალიანმა.

აღსანიშნავია, რომ დამსვენებლებს სასტუმროს მხოლოდ ერთი შენობა მასპინძლობს, რადგან მეორე 4-სართულიანი შენობა, რომელიც 20 ნომერს აერთიანებდა, გასული წლის მარტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა. როგორც სასტუმროს მენეჯერი განმარტავს, შენობის აღდგენის პროცესი, ფინანსების გამო, ამ ეტაპზე შეჩერებულია. შესაბამისად, არ არის ცნობილი, როდის შეძლებს სტუმრების მიღებას.

„ჩატარდა ის სამუშაოები, რაც სადაზღვევოდან იყო დაფინანსებული. თითქმის აღდგენილია, გაკეთებულია კედლები, ახალი პროექტი... აღდგენა ამ ეტაპზე შეჩერებულია ფინანსების გამო“,- აღნიშნა გვანცა ფალიანმა.

სასტუმრო ფოსტას შპს სეტი + ფლობს, რომლის 66.7% ოთარ ჩართოლანს ეკუთვნის, 33.3% კი, ხალხის ძალის ერთ-ერთ ლიდერ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები