ახალქალაქელი ფერმერი ილია ყავრელიშვილი აცხადებს, რომ ყველა ის კომპონენტი, რაც კარტოფილის წარმოებისთვისაა საჭირო გაძვირებულია. ფერმერი BMG-სთან საუბრისას მთავარ გამოწვევად სწორედ გაზრდილ თვითღირებულებას და პროდუქციის დაბალ სარეალიზაციო ფასს ასახელებს.
დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კარტოფილის წარმოებისა და დარგის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.
ფერმერი ილია ყავრელიშვილის კი ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სექტორისთვის სახელმწიფო ხელშეწყობა პესტიციდების ან საწვავის კუთხით სუბსიდირება იქნებოდა.
"დღესდღეობით ყველაზე დიდი გამოწვევა არის, რომ საწვავის ფასი საგრძნობლად მომატებულია, ასევე სასუქები, პესტიციდები, ეს ყველაფერი, რაც კარტოფილის წარმოებისთვის არის საჭირო, გაძვირებულია. ასევე, არის მუშა ხელის სიმცირე. თვითღირებულება გვეზრდება და პროდუქტის საბაზრო ღირებულება ძალიან დაბალია. ფერმერები დღეის მდგომარეობით მოგებაზე კი არა, ძირითად შემთხვევაში ხარჯის გასწორებაზე ვმუშაობთ.
შესაბამისად, სახელმწიფო და კონკრეტულად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამინისტრო თუ გააკეთებს რაღაც ხელშეწყობას იმ კუთხით, რომ თუნდაც საწვავი, ან სასუქი, ან პესტიციდი დაგვისუბსიდიროს, ძალიან დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის, ფერმერებისთვის",- აცხადებს ილია ყავრელიშვილი.
მან წლევანდელი მოსავლის მოლოდინზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მატებას ელის.
"ვფიქრობთ, რომ მოსავალი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც გასულ სეზონზე იყო. პირიქით, სავარაუდოა, რომ შედარებით მეტი ფართობი დაითესა და დანარჩენი უკვე კლიმატურ პირობებზე და მოსავლიანობაზეა დამოკიდებული, თუ საბაზრო ფასი რა შეიძლება იყოს. პლუს მეზობელ ქვეყნებში რა მოსავალი ექნებათ, იმპორტ-ექსპორტის საკითხი როგორ იქნება დალაგებული და ა.შ. ბევრი ფაქტორი მოქმედებს. როცა მეზობელ ქვეყანას ჭარბი მოსავალი აქვს, ის შესაბამისად ცდილობს ექსპორტზე გაიტანოს სხვა ქვეყნებში და ერთ-ერთი ბაზარი ვართ ჩვენ. ვერც თურქეთს, სომხეთს, რუსეთს წარმოების თვითღირებულებაში კონკურენციას ვერ ვუწევთ", - ამბობს ფერმერი.
საქართველოში კარტოფილის წარმოება 208 ათას ტონამდე შემცირდა, ბოსტნეულის - გაიზარდა|საქსტატი
ცნობისთვის, გასული წლის რეკორდული ექსპორტის შემდეგ, მიმდინარე წლის 4 თვეში კარტოფილის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარ-აპრილში საქართველოდან 2 მილიონ 443 ათასი დოლარის ღირებულების 12 232 ტონა კარტოფილი გავიდა ქვეყნიდან. კლება 88.6%-ია. წელს ქართული კარტოფილის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, სადაც 2 მილიონ 174 ათასი დოლარის ღირებულების 11 163 ტონა კარტოფილი გაიყიდა, მცირე მოცულობით ექსპორტი იყო სომხეთში ($143.2 ათასი) და რუსეთში ($125.7 ათასი).




























